ბიზნესი
24/03/2021

მედალფა: ხარჯები გაგვეზარდა, ჩვენ კი მისი შეჩერების ბერკეტი არ გვაქვს

კლინიკები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არსებული ტარიფების გადახედვის მოლოდინში არიან. მათ მოთხოვნას ეკატერინე ტიკარაძის უწყებამ ან უარი უნდა უთხრას, ან უნდა დააკმაყოფილოს.

მანამდე, სამედიცინო სექტორის წარმომადგენლები კიდევ ერთხელ ხსნიან, რატომ ითხოვენ ტარიფების გადახედვას. როგორც „მედალფას“ გენერალური დირექტორი, გიორგი ამბროლიანი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ამის მთავარი მიზეზი კლინიკებისთვის გაზრდილი ხარჯებია.

„კომუნალური გადასახადების ტარიფის მატება კლინიკების ხარჯების ზრდაზე პირდაპირ და ირიბადაც მოქმედებს. სამედიცინო დაწესებულება, თუნდაც ელექტროენერგიის, არც თუ ისე პატარა მომხმარებელია. ჟანგბადს, რომელსაც კლინიკები მოიხმარენ, მის წარმოქმნაში გადამწყვეტი მნიშვნელობა სწორედ ელექტროენერგიას აქვს. ყველა მიმართულებამ გაგვიზარდა ხარჯები, ჩვენ კი ამის შეჩერების ბერკეტი არ გვაქვს. აი, მაგალითად, ჟანგბადის ფასი დაახლოებით 34%-ით გაგვეზარდა. ეს ყველაფერი სამედიცინო დაწესებულებებისთვის დიდი ტვირთია. პრობლემურია სახარჯი მასალების გაძვირებაც. ელემენტარული, ხელთათმანის ფასი ასტრონომიულად არის გაზრდილი, 14-დან 72 თეთრამდე. ამ ყველაფერში დიდ როლს თამაშობს ეროვნული ვალუტის მუდმივი რყევებით, რადგან ძალიან დიდი წილით ვართ დამოკიდებული იმპორტზე“,- განაცხადა ამბროლიანმა.