ბიზნესი
12/10/2022

McDonald's-მა ახალი რესტორნის გახსნაში ₾6,7 მლნ-ის ინვესტიცია განახორციელა

კომპანია „მაკდონალდს საქართველო“  ფართოვდება, კომპანიამ ახალი რესტორანი ისანში, „ისანი მოლთან" გახსნა. პროექტში კომპანიამ 6,7 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა და 60 ადამიანი დაასაქმა.

ახალ რესტორანში ამოქმედდა მაკკაფეც, რომელიც ყავისა და დესერტებს სთავაზობს მომხმარებელს.

ამჯერად თბილისს „მაკდონალდს საქართველოს“ კიდევ ერთი ახალი რესტორანი შეემატა, რომელიც საზეიმოდ გაიხსნა და ასობით ერთგულ მომხმარებელს დაუვიწყარი საღამო აჩუქა. გახსნის ღონისძიებაზე ბავშვებისთვის სხვადასხვა სახალისო და გასართობი აქტივობები, მათ შორის სახის მოხატვა, დრამების შოუ და ბენდ „ნიუტონის“ კონცერტი მოეწყო. ღონისძიების ფინალური აკორდი კი საზეიმო ფოიერვერკი გახლდათ, რომელმაც საღამო კიდევ უფრო შთამბეჭდავი და გამორჩეული გახადა.

„ისანი მოლთან“ მდებარე რესტორნის გარდა, წელს „მაკდონალდსმა“ თბილისში, კახეთის გზატკეცილზე ეკომეგობრული რესტორანი გახსნა, რომლის სახურავი მზის მიკროელექტროსადგურის პანელებითაა აღჭურვილი, პარკინგზე კი მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ელექტრომობილების დამტენებით ისარგებლოს. გარდა ამისა, რესტორანი მწვანე კონცეფციისა და ტერიტორიის მხოლოდ 30% მოიცავს სარესტორნე სივრცეს, უდიდესი ნაწილი — 70% კი სრულად ეთმობა რეკრეაციულ ზონას, რაც საბოლოო ჯამში, ქალაქის იერ-სახის შენარჩუნებასა და მწვანე ზონების განვითარებას უწყობს ხელს.

თბილისში გახსნილ ორ ახალ რესტორანში „მაკდონალდსმა“ ჯამურად 18 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა და 100-ზე მეტი ადამიანი დაასაქმა. უახლოეს ხანებში „მაკდონალდს საქართველო“  ქვეყნის მასშტაბით კიდევ რამდენიმე ახალი რესტორნის გახსნას და მსხვილი ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს.

მთლიანობაში „მაკდონალდს საქართველომ“ 1999 წლიდან დღემდე, სხვადასხვა მიმართულებით 125 მილიონი ლარის ინვესტირება განახორციელა, ქვეყნის ბიუჯეტში შენატანი კი 150 მილიონ ლარს აღწევს. აქედან მხოლოდ ბოლო ორ წელიწადში - 2021 და 2022 წლებში ბიუჯეტში შენატანი 33 მილიონ ლარზე მეტია.

რესტორნის ოფიციალური გახსნის ღონისძიებას „ მაკდონალდს საქართველოს“ პრეზიდენტი თემურ ჭყონია, „მაკდონალდს საქართველოს“ დირექტორი თენგიზ კაპანაძე, საქართველოში საფრანგეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი  რიჩარდ რეკინა და სხვა მაღალი რანგის სტუმრები ესწრებოდნენ.