ბიზნესი
10/03/2021

მაუწყებლებს 2020 წელს პოლიტიკური რეკლამის ხარჯზე შემოსავლები გაეზარდათ

2020 წელს ტელე-მაუწყებლებში კომერციული რეკლამა კი 9%-ით შემცირდა, თუმცა  სარეკლამო შემოსავლები, პოლიტიკური რეკლამის ხარჯზე 11%-ით გაიზარდა.  

კომუნიკაციების კომისიის ცნობით, 2020 წლის სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლებმა 75,2 მილიონამდე ლარი შეადგინა, რაც გასულ წელთან შედარებით 7,6 მილიონი ლარით მეტია. პანდემიის მიუხედავად, 2020 წელს მაუწყებლებს ჯამურად სარეკლამო შემოსავლებში 11%-იანი მატება აქვთ, საიდანაც 13,9 მილიონი ლარი ფასიანი პოლიტიკური რეკლამიდან მიღებული თანხაა.  

რაც შეეხება მხოლოდ კომერციულ რეკლამას, 2020 წლის დინამიკა კვარტლების მიხედვით ასეთია: პირველ კვარტალში მაუწყებლებმა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 11%-ით მეტი შემოსავალი მიიღეს, მეორე კვარტალში კი 39%-იანი კლება დაფიქსირდა, მესამე კვარტალში დინამიკა შეიცვალა და მაუწყებლებს 7%-იანი მატება ჰქონდათ, ხოლო მეოთხე კვარტალში  3%-იანი - კლება.   

ჯამურად წლის ჭრილში კომერციული რეკლამიდან მიღებულმა შემოსავალმა წინა წელთან შედარებით 9%-ით ნაკლები შეადგინა.  

2020 წლის სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლების ანალიზი აჩვენებს, რომ კომერციული რეკლამიდან შემოსავლების ყველაზე მეტად 2020 წლის მეორე კვარტალში შემცირდა, მესამე კვარტალში კი სატელევიზიო სარეკლამო ბაზარი ჩვეულ ნიშნულს დაუბრუნდა და 7%-იანი მატება დაფიქსირდა.   

პანდემიის გარდა, კომერციული სარეკლამო შემოსავლების ჯამური კლება დიდწილად ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სა და საზოგადოებრივ მაუწყებელზე მოდის, ვინაიდან  ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს 2020 წელს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 9,3 მილიონიანი კლება ჰქონდა, ხოლო საზოგადოებრივ მაუწყებელს - 0,344 მილიონიანი. რაც შეეხება სხვა მაუწყებლებს 2020 წელს კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან მიღებული თანხები მაუწყებლების მიხედვით ასეთია: 

ტელეკომპანია „იმედმა“ სარეკლამო შემოსავლებიდან 29 მილიონი ლარი მიიღო, საიდანაც 3,3 მილიონი ლარი პოლიტიკური რეკლამიდან მიღებული შემოსავალია.  

ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა" -12,8 მილიონის სარეკლამო შემოსავალი მიიღო, საიდანაც 2,1 მილიონი ლარი პოლიტიკური რეკლამა იყო.  

ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ 11,1 მილიონი ლარი სარეკლამო შემოსავალი მიიღო, საიდანაც 4,3 მილიონი ლარი პოლიტიკური რეკლამიდან მიღებული შემოსავალია.   

„ტელეკომპანია პირველმა“ 6,2 მილიონი ლარის  სარეკლამო შემოსავალი მიიღო, საიდანაც 1,9 მილიონი ლარი პოლიტიკური რეკლამიდან მიღებული თანხაა.   

„ჯი-დი-ეს თი-ვიმ“ 2,8 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი  მიიღო, საიდანაც 0,5 მილიონი ლარი პოლიტიკური რეკლამიდან მიღებული შემოსავალია.  

ტელეკომპანია „ფორმულამ“, მან 2,3 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო, საიდანაც პოლიტიკურმა რეკლამამ 0,4 მილიონი ლარი შეადგინა.  

ტელეკომპანია „პოსტვ“-მ ჯამში 1,6 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო, საიდანაც 0,3 პოლიტიკური რეკლამიდან მიღებული თანხებია.   

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 1,1 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი  მიიღო, ფასიანი პოლიტიკური რეკლამა კი არ ჰქონია. „სილქნეტის“ მიერ სარეკლამო შემოსავლებიდან მიღებული თანხა 1,4 მილიონი ლარია, არხს ფასიანი პოლიტიკური რეკლამა არ განუთავსებია. „სეტანტა ჯორჯიამ“ 0,76 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო,  ფასიანი პოლიტიკური რეკლამა კი არ ჰქონია. სარეკლამო შემოსავლების 8% სხვა მაუწყებლებზე გადანაწილდა.