ბიზნესი
18/02/2023

მათე ტაკიძე: ბიზნესი პროფესიული განათლების მიმართულებით მეტად უნდა გააქტიურდეს

კადრების დეფიციტი კერძო სექტორში უცვლელი პრობლემაა. რამდენად პასუხობს კოლეჯები შრომით ბაზარზე არსებულ მოთხოვნას,- თემაზე გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ კოლეჯი „სპექტრის“ ხელმძღვანელმა, მათე ტაკიძემ ისაუბრა.

მისი განცხადებით, ტურზმის სფეროში, საექთნო მიმართულებაში, IT ტექნოლოგიებში, საინჟინრო მიმართულებასა და სამშენებლო ინდუსტრიაში მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ კომპანიები  კადრების დეფიციტს განიცდიან. მათ  გაცილებით მეტი, კომპეტენტური ადამიანი სჭირდებათ.

ტაკიძის მოსაზრებით, როდესაც ეკონომიკა და ბიზნესი ვითარდება, ბუნებრივია,  მათ უფრო მეტი კვალიფიციური კადრია საჭირო.  მისი თქმით, ყველა პროგრამას, რომელსაც ისინი ახორციელებენ ვალიდაციას ჯერ ბიზნესთან, შემდეგ კი სახელმწიფო ავტორიზაციის მიმართულებით გადის.

„ძალიან ბევრი ადამიანი მოდის, მათ აქვთ სურვილი, რომ ისწავლონ და მიიღონ კვალიფიკაცია, თუმცა მოთხოვნასა და მიწოდებას შორის არის დისბალანსი. ქვეყანაში ძალიან ბევრი კოლეჯია, მაგრამ  გაცილებით მეტი სჭირდება ბიზნესს, ვიდრე ჩვენ ვაწვდით,“- აღნიშნავს ტაკიძე.

კოლეჯი „სპექტრის“ ხელმძღვანელის მოსაზრებით, მნიშვნელოვანია ადამიანებამდე მივიდეს ინფორმაცია, რომ მათ აქვთ საშუალება  პროფესიულ სასწავლებლებში მივიდნენ და მოკლე დროში მიიღონ კვალიფიკაცია. ასევე, ბიზნესი პროფესიული განათლების მიმართულებით მეტად უნდა გააქტიურდეს და ჩაერთოს.

„ყველა მოქალაქისათვის დაფინანსება ხელმისაწვდომია, თუმცა არის პროფესიები, რომლებზეც მოთხოვნა საზოგადოების მხრიდან დიდია, მაგრამ ბიზნესს ის პროფესიები საერთოდ არ სჭირდება. მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია ასეთი პროფესიები გავხადოთ ფასიანი და ის ფული მივმართოთ იმ დარგის განვითარებისკენ, სადაც ბიზნესს მეტი ადამიანი სჭირდება.“ -  ამბობს მათე ტაკიძე.

მისი ინფორმაციით,  ბიზნესები სწორად აფასებენ, რომ  თუ პროფესიულ  სასწავლებლებთან უფრო ფართოდ თანამშრომლობა არ იქნება, ვერ მოხდება ბაზარზე არსებული დეფიციტის აღმოფხვრა.