მარჟების შემცირება და მომარაგების იაფი წყარო - მთავრობა საწვავის გაიაფების გზის ძიებაში
მთავრობა საწვავის იაფი წყაროებიდან მომარაგების გზებს ეძებს. ეკონომიკის მინისტრმა საწვავის ბაზარზე კონკურენტული გარემოს არსებობის მნიშვნელობასა და გამოსავლის გზებზე საწვავის დისტრიბუტორ მცირე ქსელების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ისაუბრა.
კონკურენციის სააგენტოს მიერ საწვავის ბაზარზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებული შუალედური დასკვნის მომზადების ფონზე, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ მოსახლეობისთვის ხელსაყრელი პირობებით საწვავის მიწოდების მიზნით ბაზარზე მარჟების მინიმუმამდე შემცირება მნიშვნელოვანია.
„მნიშვნელოვანია, რომ საწვავის ბაზარზე გვქონდეს სრულფასოვანი, კონკურენტული გარემო და შესაძლებელი იყოს გაძვირებული საწვავის მოსახლეობისთვის მაქსიმალურად იაფ და ხელსაყრელ პირობებში მიწოდება. შექმნილი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან, საომარი ვითარებიდან გამომდინარე, რომელიც რეგიონშია, სამწუხაროდ, მსოფლიოში ფასები საწვავზე არის ძალიან მაღალი და გვესმის, რომ გლობალურ ტენდენციას საქართველო ვერ აცდება, მაგრამ ჩვენი მიზანია, მაქსიმალური კოორდინაციით მოხდეს იაფი წყაროებიდან საწვავით მომარაგება, ასევე მარჟების მინიმუმამდე დაყვანა იმისთვის, რომ ჩვენს მოსახლეობას მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობებით მივაწოდოთ საწვავი“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ლევან დავითაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია ფასის დაწევა და მოსახლეობის გაძვირებული საწვავის მაქსიმალურად ხელსაყრელ, იაფ და ხელმისაწვდომ პირობებში მიწოდება. "მცირე ქსელების წარმომადგენლებთან ასევე განვიხილეთ მათი მხრიდან დაყენებული პრობლემები, ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა შეიძლება სახელმწიფომ გააკეთოს კონკურენტუნარიანობის ზრდისთვის, ვისაუბრეთ მოწოდების ალტერნატიულ წყაროებზე, რომლებიც შეიძლება შედარებით უფრო იაფი იყოს, ასევე ხარისხსა და სანდოობაზე“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ კომუნიკაცია მიმდინარე კვირაში გაგრძელდება საწვავის უფრო მსხვილი ქსელების წარმომადგენლებთან, იგეგმება კონკურენციის საააგენტოს ჩატარებული მონიტორინგის ანალიზიც.
შეხვედრაში ლევან დავითაშვილთან ერთად, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე მონაწილეობდნენ.
შეგახსენებთ, რომ საწვავზე არსებულ ფასებთან დაკავშირებით პრემიერმა კონკურენციის სააგენტოს ბაზრის შესწავლა და შუალედური ანგარიშის წარდგენა დაავალა. როგორც მოგვიანებით კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა, მსხვილ კომპანიებს ფასების შემცირების რესურსი ჰქონდათ. ირაკლი ლექვინაძემ ასევე დასძინა, რომ კომპანიებს საწვავზე ბევრად უფრო მისაღები ფასების შეთავაზების რესურსი აქვთ.
მთავრობა ბაზარზე უფრო იაფიანი საწვავის გამოჩენას ელის, პრემიერმა ცოტა ხნის წინ აღნიშნა, ბევრმა იმპორტიორმა საქართველოში შედარებით იაფიანი საწვავის შემოტანა დაიწყო, თუმცა ეს ფასებზე ჯერ არ ასახულა.