ბიზნესი
04/05/2022

"კომპანიებს საწვავზე ბევრად უფრო მისაღები ფასების შეთავაზების რესურსი აქვთ"

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო საქართველოში საწვავის ბაზარზე არსებულ ვითარებას და ბოლო ოთხი თვის მონაცემებს შეისწავლის- ამის შესახებ განცხადება, სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ -"ბიზნესპარტნიორი პიკის საათში" გააკეთა.

როგორც ირაკლი ლექვინაძემ განმარტა, მსოფლიო ბაზარზე საწვავის ფასების კლების ტენდენცია, რომელიც 12-14% შეადგენს, 6 მარტიდან ფიქსირდება.

მისივე თქმით, ამავე პერიოდიდან იწყება ადგილობრივი ვალუტის კურსის გამყარების პროცესიც.

"ჩვენ ვაკვირდებით საქართველოში იმპორტირებული საწვავის ფასსაც და გაიაფების ტენდენცია აქაც მარტიდან შეინიშნება. თუმცა საცალო ბაზარზე ამას მნიშვნელოვანი კორექტირება ჯერჯერობით არ მოუხდენია. არსებული რეალობა მოწმობს, რომ საქართველოში წარმოდგენილ მცირე ქსელებში, მსხვილისგან განსხვავებით, საწვავის ფასი ბევრად დაბალია და ფასთაშორისი სხვაობა, დაახლოებით, 40 თეთრს შეადგენს. ეს ნიშნავს იმას, რომ სხვადასხვა ქვეყნებიდან საქართველოში გაიაფებული საწვავი შემოდის. შესაბამისად, გარკვეულ კომპანიებს, როგორც მცირე, ისე მსხვილ ქსელებს, გაცილებით უფრო მისაღები ფასების შეთავაზების რესურსი აქვთ,"- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

მისივე თქმით, 15 მაისამდე კონკურენციის ეროვნული სააგენტო ანგარიშს წარადგენს, სადაც 2022 წლის 4 თვის მონაცემები სიღრმისეულად შეფასდება და გამოჩნდება, თუ რის ხარჯზე ინარჩუნებენ კომპანიები ბაზარზე არსებულ ფასებს.

"სააგენტო აუცილებლად წარადგენს რეკომენდაციებს. წინასწარ რამის თქმა შეუძლებელია, მაგრამ შესაძლოა ჩატარებულმა მონიტორინგმა დღის წესრიგში მოკვლევის პროცესის დაწყების ალბათობა დააყენოს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გარე ბაზარზე არსებული ვითარება და ადგილობრივ ბაზარზე მიმდინარე პროცესები ერთმანეთთან თანხვედრაში იქნება"- განაცხადა კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ.

მისივე განმარტებით, დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, რომ იმ ბაზრებზე, საიდანაც საქართველოში საწვავის იმპორტი ხორციელდება, გაიაფების ტენდენცია მეტად ხელშესახებია.