მარნულის სასურსათო ქარხანა შეუფერხებლად მუშაობს
„მარნულის სასურსათო ქარხანა“, რომელსაც საწარმო მარნეულში აქვს, მუშაობას შეუფერხებლად აგრძელებს. კომპანიამ პროდუქციის 90%-ის თბილისის საწყობში გადაზიდვა კარანტინის გამოცხადებამდე მოასწრო.
როგორც მარნეულის სასურსათო ქარხნის წარმომადგენელი აცხადებს, მარნეულში დარჩენილი პროდუქტის გამოტანა ხელისუფლების ჩართულობით მოხდება.
„ამ ეტაპზე პროდუქციის ძირითადი ნაწილი უკვე თბილისის საწყობშია გადაზიდული. კოორდინირებულად ვმუშაობთ მთავრობასთან და დანარჩენი პროდუქციის ტრანსპორტირებაც მოხდება. პროცეში ჩართულია სოფლის მეურნეობის სამინისტროც,“- განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.
მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე მარნეულის სასურსათო ქარხნის საკუთრებაში არსებულ მიწებზე აქტიური სამუშაოების პროცესი არ მიმდინარეობდა. ჩითილების გამოყვანა კი დაწყებულია.
კომპანიის ინფორმაციით, წარმოებისთვის აქტიური სეზონი მაისში იწყება და შემოდგომაზე სრულდება. „ნელ-ნელა ვემზადებით შემდეგი სეზონისთვის. ახლა მიდის ჩითილების გამოყვანა, მიმდინარე პროცესებს ჯერ-ჯერობით ხელი ჩვენთვის არ შეუშლია. გეგმიური სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს. ქარხანა მუშაობას მას შემდეგ იწყებს, რაც ნედლეული სრულად შემოვა. ამ პროცესს ხელი არ შეეშლება.“-აღნიშნა თინიკო მახარაძემ.
რაც შეეხება დასაქმებულებს, კომპანიაში განმარტავენ რომ „მარნეულის სასურსათო ქარხანაში“ 120 ადამიანი მუშაობს. თანამშრომელთა რაოდენობის შემცირება დაგეგმილი არ არის.