მარნეულის სასურსათო ქარხანა: გაყიდვების დიდი წილი საწებელსა და მარინადებზე მოდის
„მარნეულის სასურსათო ქარხანას” სარეალიზაციო მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 10%-ით გაეზარდა. მიზეზად პროდუქციაზე კონკურენტუნარიანი ფასი სახელდება.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დირექტორმა ვანო ცუკილაშვილმა განუცხადა, ამ დროისთვის კომპანია 6 დასახელების მურაბას აწარმოებს. მიმდინარე წელს „მარნეულის სასურსათო ქარხანამ“ პრუდუქციის ნუსხას რამდენიმე დასახელების მარინადი და ჯემი დაამატა.
„მარინადებში დავამატეთ 3 ერთეული -ჯონჯოლის, ნივრის და მწვანე ტყემლის მწნილი, მურაბების ხაზი იგივე დარჩა. ჯემების მიმართულებას მარწყვი, ჟოლო და მოცვი დაემატა,“-აცხადებს ცუკილაშვილი.
მისივე განცხადებით, კომპანიაში პერიოდულად ბაზრის კვლევაც მიმდინარეობს,რათა აქცენტი იმ პროდუქციაზე გაკეთდეს, რაზეც მოთხოვნაა.
ამჟამად საკონსერვო კომპანია დაახლოებით 60 დასახელების პროდუქციას (მწნილი, საწებელი, აჯიკა, ტომატის პასტა, ჯემი და მურაბა) უშვებს.
ცუკილაშვილი განმარტავს, რომ „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ მიერ წარმოებული პროდუქციიდან ყველაზე მოთხოვნადი მაინც მარინადები და საწებელებია.
წარმოებული პროდუქციის 80% ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, დანარჩენი კი საექსპორტოა, რომელიც აქტიურად იყიდება ევროპისა და აშშ-ის ბაზარზე.
შეგახსენებთ, "მარნეულის სასურსათო ქარხანა" საქართველოში საკვების ყველაზე დიდი მწარმოებელი ქარხანაა. კომპანია ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს.
ქარხანა ქვემო ქართლში, თბილისიდან 40 კილომეტრში მდებარეობს. საწარმოში 30 000 ტონა ნედლეულის გადამუშავებაა შესაძლებელი.
დღესდღეობით მარნეულის სასურსათო ქარხანა ფლობს ევროპის ლიდერი კომპანიების დანადგარებს: Fenco, Niko, FAM, PETEK, Krones AG, etc.
ნედლეულის ნაწილს ქარხანა პარტნიორი კომპანია "მარნეული აგროსგან", ნაწილს კი 150-ზე მეტი ქართველი ფერმერისგან იბარებს.