ბიზნესი
25/06/2020

მარეგულირებელმა კავკასუს ონლაინი კიდევ ერთხელ დააჯარიმა

„კავკასუს ინლაინის“ საქმეზე კომუნიკაციების კომისიას არაორდინალური გადაწყვეტილების მიღება მოუწევს, - რა იქნება ეს გადაწყვეტილება კომისიის წევრებმა დღეს არ იციან.

კომისიამ დღეს საბოლოო გადაწყვეტილების მიღება 1 აგვისტომდე გადადო, მანამდე კი კომპანია კიდევ ერთხელ 270 ათასი ლარით დააჯარიმა, წილების თავდაპირველ მდგომარეობაში დაბრუნება და ასევე ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ 10 ივლისამდე განახლებული ამონაწერი მოითხოვა.

დღეს „კავკასუს ონლაინის“ საქმეზე კომისიის საჯარო სხდომაზე ახალი გარემოებებიც გახდა ცნობილი.

„კავკასუს ონლაინის“ 49%-იანი წილის უკანონო გასხვისების შესახებ საქმის წარმოების დაწყებიდან 7 თვის შემდეგ ცნობილი ხდება, რომ წილის ნასყიდობის გარიგებაში 51%-იან წილზე ე.წ call option-ია ჩადებული (შესაძლებლობა შეიძინოთ აქტივები შეთანხმებულ ფასად კონკრეტულ ვადაში).

ახალი გარემოების შესახებ კომუნიკაციების კომისიამ იურიდიული კომპანია DLA PIPER -ის წერილიდან შეიტყო. ამ კომპანიის მარწმუნებელია კომპანია „ვეკო ინვესთმენთის“ ერთადერთი წილის მფლობელი, ნასიბ ჰასანოვი. წერილში, რომელიც კომისიამ 22 ივნისს მიიღო დადასტურებულია, რომ ჰასანოვი საარბიტრაჟო დავის დაწყების გადაწყვეტილებას არ ცვლის.

კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინს“ ბენეფიციარი მფლობელების შესახებ ახალი ამონაწერის წარმოდგენა ამ წერილის წარდგენამდე სთხოვა, ახლა კი ამ ამონაწერს ელის, თუმცა არ გამოირიცხება რომ მეწილეთა მფლობელელობაში არსებული წილი შესაძლოა უკვე შეიცვალა.

„ამ წერილში ბევრი ტყუილი წერია, მათ შორის ის, რომ თითქოს არაოფიციალურად შევხვდი და წილის გასხვისებაზე თანხმობა მივეცი“, - განაცხადა კომისიის სხდომაზე კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ.

კომპანია კომისიას სთავაზობს გარიგებიდან პოსტ-ფაქტუმ ჩაატაროს კვლევა, რადგანაც მიიჩნევს, ეს კვლევა გამოაჩენს, რომ გარიგება ბაზარზე ნეგატიურ გავლენას არ შექმნის, თუმცა, ეს მიუღებლად მიაჩნია მარეგულირებელს, რადგანაც მიიჩნევს, რომ ასეთი პრეცენდენტის დაშვებაც კი, კომუნიკაციების ბაზარს საფრთხის წინაშე აყენებს.

„გვაქვს შანსი გავაგრძელოთ და კიდევ 270 ათასი ლარით დაგაჯარიმოთ ან ავტორიზაცია შეგიჩეროთ, რაც როგორც თქვენ ამბობთ, ტყუილთან ერთად მართალსაც ამბობთ. ტყუილს ამბობთ, რომ ავტორიზაციის შეჩერება ევროპულ ინტერნეტს დაუკარგავს ქართველ მომხმარებელს, ეს არის ტყუილი. რადგანაც მინიმუმ ორი კომპანია ევროპულ დატა ცენტრებზე ზის. ეს სპეკულაციაა, მაგრამ მართალი ხართ იმაში, როცა ამბობთ, რომ ტრაგიკული იქნება ავტორიზაციის შეჩერება ტელესაკომუნიკაციო ბაზრისთვის. ეს მართალია. რა არის გამოსავალი? - განაცხადა კახა ბექაურმა და აღნიშნა, რომ კომისიას არაორდინალური გადაწყვეტილების მიღება მოუწევს.

„უნდა ვიმსჯელოთ ან ავტორიზაციის შეჩერებაზე ან სხვა გამოსავალზე, რომელიც გამოგვიყვანს ამ ჩიხიდან, რომ აბონენეტები არ დარჩნენ ინტერნეტის გარეშე“, - ამბობს ბექაური.

Businesspartner