ბიზნესი
07/07/2022

მანნა: მარკეტებიდან თანხის ამოღება რთულია, საკითხი სახელმწიფომ უნდა დაარეგულიროს

ქართველ მწარმოებლებს ადგილობრივ ბაზარზე არსებულ ჰიპერმარკეტებთან პარტნიორობა უჭირთ.

მეწარმეების მთავარი პრობლემა დახლებიდან პროდუქციის რეალიზების შემდეგ თანხის მიღებაა.

როგორც "ბიზნესპარტნიორთან" ქართული ჩაი მანნა-ს თანადამფუძნებელი, ირაკლი ღურჭუმელია აცხადებს, კომპანიები ხშირად ამჯობინებენ პროდუქციის ექსპორტზე გატანას, რადგან საერთაშორისო პარტნიორებისგან თანხის მიღების პრობლემა არ აქვთ.

ღურჭუმელია ამბობს, რომ ამ საკითხში სახელმწიფოს ჩარევა და გარკვეული რეგულაციის დაწესებაა საჭირო.

"ექსპორტი კარგია იმ თვალსაზრისით, რომ კომპანიები შენ ნაწარმოებ პროდუქციაში ფულს მაშინვე გიხდიან. საქართველოში მომხმარებლამდე რომ მიიტანო პროდუქცია, აუცილებელია გაიარო მარკეტების შუა რგოლი. ეს საკმაოდ რთული რგოლია. ჯერ ამ მარკეტებში შესვლა, შემდეგ რეალიზაცია საკმაოდ დიდ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. როგორც მარკეტინგულ, ასევე ფინანსურ დანახარჯებთან. ასევე რთული საკითხია იქიდან ფულის ამოღება. ეს საკმაოდ რთული პრობლემაა. ვფიქრობ, სახელმწიფომ რაღაც რეგულაცია უნდა გააკეთოს და ეს საკიტხი დაარეგულიროს. მე რეალიზაციას ვაკეთებ, მარკეტი კი 2 თვე ფულს არ მიხდის. მე კი 15 დღეში დღგ-საც ვიხდი, ხელფასებს ვიხდი, ნედლეულს ვყიდულობ. რაღაც რეგულაციაა საჭირო, რომ მარკეტებმა დროზე დაფარონ ჩემი ფული, როგორც მე ვფარავ დროზე ხელფასებს, ბიუჯეტის ფულს და ა.შ. ეს აუცილებელია, რომ ქართული წარმოება გადარჩეს. თუ ფინანსურად ძლიერი წარმოება არ ხარ, საკმაოდ ძნელია ბაზარზე შენი პოზიციები შეინარჩუნო. ბევრ რამეს აკეთებს სახელმწიფო წარმოების წასახალისებლად. არსებობს გრანტები, იაფი კრედიტები, დახმარებები. მთლიანი ჯაჭვი გაკეთებულია, თუმცა ბოლო რგოლი, სადაც მწარმოებელმა უკვე თანხა უნდა აიღოს, მანდ არის რაღაც რეგულაცია გასაკეთებელი. ეს მწარმოებლისთვის ძალიან დიდი დახმარება იქნება. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელიც ალბათ სახელმწიფომ უნდა მოაგვაროს",- განაცხადა ირაკლი ღურჭუმელია.