ბიზნესი
23/06/2021

"მაკდონალდსმა" პურ-ფუნთუშეულის საწარმოში ₾26 მლნ-ის ინვესტიცია ჩადო

"მაკდონალდსის" ინვესტიციით საქართველოში პირველი საერთაშორისო სტანდარტების პურ-ფუნთუშეულის საწარმო "ბრედფილდი“ მალე ოფიციალურად გაიხსნება და ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე მომხმარებლებს მრავალფეროვან ასორტიმენტს შესთავაზებს.

“ბრედფილდის“ ინვესტიციის მოცულობა 26 მილიონ ლარს შეადგენს და მასში დასაწყისისთვის - 30, უახლოეს მომავალში, წარმოების გაფართოებასთან ერთად კი 100 ადამიანი დასაქმდება.

"თუკი აქამდე „მაკდონალდს საქართველო“ ევროპიდან ფუნთუშების იმპორტისთვის თანხას გამოყოფდა, ახლა ეს თანხა ადგილობრივ ბაზარზე დარჩება; საწარმო ერთგვარი რეგიონული ჰაბიც გახდება „მაკდონალდსის“ ქსელის რესტორნებისთვის - 2022 წლიდან  „ბრედფილდში“ წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე მეზობელ ქვეყნებში გავა,“– აღნიშნავს თემურ ჭყონია.

გარდა იმისა, რომ „ბრედფილდი“ საკუთარი პროდუქციით ქსელის 18 ადგილობრივ რესტორანს მოამარაგებს, „მაკდონალდსის“ მოყვარულებს განსაკუთრებით გაახარებთ ის ფაქტი, რომ ლეგენდარული ბურგერის პურების შეძენა მალე საცალო ქსელურ მარკეტებშიც იქნება შესაძლებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ გემრიელი, ნამდვილი ბურგერების მომზადება და ნაცნობი გემოს მიღება მათ უკვე სახლშიც შეეძლებათ.

“იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ პურის მოხმარების კულტურის განვითარებას საქართველოში, ვნერგავთ მაღალ სტანდარტებს. პურის ცხობის სრულყოფით ვქმნით მაღალი ხარისხის, გემრიელ პროდუქტებს უფრო მეტი ადამიანისთვის.

ჩვენს საქმიანობას ვუდგებით, როგორც მეცნიერებას, რაც საქმისადმი განსაკუთრებულ სიყვარულს, დარგის სიღრმისეულ ცოდნას, სიახლეების მუდმივ ძიებას და მიზანსწრაფულობას გულისხმობს. ყოველივე ეს, საბოლოო ჯამში, პროფესიონალიზმში გამოიხატება”, – აცხადებენ კომპანიაში.

საწარმოში საგანმანათლებლო ლაბორატორიაც იფუნქციონირებს, სადაც სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამითა და სტაჟირებით, შესაბამისი სპეციალობის მქონე სტუდენტებს კვალიფიკაციის ამაღლება შეეძლებათ. გარდა ამისა, კომპანია ადგილობრივი ფერმერების გადამზადებას, მათ ხელშეწყობასა და მცირე ბიზნესების მხარდაჭერასაც გეგმავს.

 

Businesspartner