ბიზნესი
03/10/2022

"მაკარონი ქართული" საბავშვო მაკარონის წარმოებას იწყებს

ქართული მაკარონის მწარმოებელი კომპანია „გრანდ კახეთი“ 1 თვეში საბაშვო მაკარონის წარმოების დაწყებას გეგმავს.

როგორც კომპანიის დირექტორი პაატა მამისაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აღნიშნავს, პროდუქტი საბავშვო თემატიკის ფიგურების იქნება, რომელიც 400 გრამიან შეფუთვაში გაიყიდება.

მისივე განცხადებით, ამ დროისთვის კალკულაციის პროცესი მიმდინარეობს. შესაბამისი საწარმოო ხაზის ასამოქმედებლად დამატებით 30 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

„გრანდ კახეთი“ 5 სახეობის პროდუქტს - მაკარონს და ვერმიშელს აწარმოებს. მათ შორის, 20-კილოგრამიან, 5-კილოგრამიან და 900- გრამიან შეფუთვებში. პროდუქტი “მაკარონი ქართულის“ ბრენდით  1 წელზე მეტია ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. კომპანიის წარმადობა 24 საათში 6 ტონაა. იგეგმება ე.წ სპაგეტის წარმოების დაწყებაც.

მამისაშვილის ინფორმაციით, კომპანია ექსპორტთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს სომხეთთან აწარმოებს.

პროდუქცია მზადდება მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ფქვილისგან ყოველგვარი დამატებითი მინარევების გარეშე. პროდუქცია ასაწონია და სუპერმაკეტების „ნიკორას“, „ლიბრეს“ და „ზღაპარის“ ქსელში იყიდება. როგორც მამისაშვილი აცხადებს, კომპანიამ საკუთარი სადისტრიბუციო ქსელის შექმნაც დაიწყო. 

„გრანდ კახეთის“ დირექტორი აცხადებს, რომ კომპანიას მაკარონისთვის საჭირო ნედლეული, უმაღლესი ხარისხის ფქვილი რუსეთიდან შემოაქვს.

მისი ინფორმაციით, ქარხანაში, რომელიც მარტყოფის გადასახვევთან მდებარეობს, დაახლოებით ₾0.5 მლნ-მდე ინვესტიცია განხორციელდა. ამ დროისთვის ქარხანა თანამედროვე ევროპული დანადგარებით მუშაობს.

 

Businesspartner