m²-ი "ოლიმპიური ვარსკვლავის" შეჩერებული ობიექტის მშენებლობას იწყებს
m² სამშენებლო კომპანია „ოლიმპიური ვარსკვლავის“ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოებს იწყებს. ხელშეკრულების მიხედვით, მშენებლობა 3 წელში დასრულდება, 12-წლიანი ლოდინის შემდეგ კი 400-მდე დაზარალებული ოჯახი კუთვნილ ბინებს მიიღებს.
მშენებლობას დედაქალაქის მერი კახა კალაძე „m² ჯგუფის“ ხელმძღვანელობასთან ერთად გაეცნო.
„ოლიმპიურ ვარსკვლავს" კონკრეტული საცხოვრებელი სახლის მშენებლობა 13 წლის წინ უნდა დაესრულებინა. გარკვეული მიზეზების გამო მშენებლობის დასრულება და ფართების მესაკუთრეთა დაკმაყოფილება ვერ მოხერხდა. რამდენიმე თვის წინ, m²-თან გავაფორმეთ თანამშრომლობის მემორანდუმი, დღეს კი სამშენებლო ნებართვა გაცემულია. სამი წლის განმავლობაში ობიექტის მშენებლობა დასრულდება“, - განაცხადა მერმა.
კახა კალაძემ აღნიშნა, რომ კომპანია „სვეტის“ და კომპანია „ოლიმპიური ვარსკვლავის“ დაუმთავრებელი მშენებლობების საკითხის გარდა, მოგვარების პროცესშია კომპანია „ცენტრ პოინტის“ პრობლემაც.
პროექტი თბილისის მერიასთან 23 ივნისს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება. დოკუმენტი, მხარეების კომპეტენციის ფარგლებში, „ოლიმპიური ვარსკვლავის“ მიერ დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების ხელშეწყობას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ m²-მა რამდენიმე თვის წინ "სვეტის" შეჩერებულ სამ ობიექტზე მშენებლობა დაიწყო. პროექტს აფინანსებს „m² ჯგუფი“, ობიექტების სამშენებლო-საინჟინრო მიმართულებას კი „m² ჯგუფის“ სამშენებლო კომპანია BK Construction განახორციელებს.