ლუდის ინდუსტრია წელს ბაზრის 2-3%-იან ზრდას ელის
ლუდის ინდუსტრია მიმდინარე წელს ბაზრის 2-3%-იან ზრდას ელის.
როგორც “ეფეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორი „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, სექტორი დინამიურ განვითარებას გააგრძელებს.
ნიკოლოზ ხუნძაკიშვილის თქმით, გასული წლის მონაცემებით, ლუდის ბაზრის მოცულობამ 125 მლნ ლიტრი შეადგინა, რაც 2021 წელთან შედარებით, დაახლოებით 5%-იანი ზრდაა.
„ბევრი ფაქტორის გამო, ლუდის ინდუსტრიისთვის მოთხოვნის კუთხით, 2022 იყო კარგი წელი. ეს იყო პოსტპანდემიური პერიოდი, ასევე რუსეთის აგრესიის ფონზე უკრაინასთან მიმართებაში, საქართველოში ჩამოვიდა ბევრი მიგრანტი და მოთხოვნა ჩვენს პროდუქციაზეც იყო მაღალი.
წელს ასეთი ზრდის მოლოდინი აღარ გვაქვს. თუმცა ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ბაზრის მოცულობა 125 მლნ ლიტრის დონეზე შენარჩუნდება და შეიძლება, 2-3%-იანი ზრდაც გვქონდეს. ეს არის კონკრეტულად ჩვენი კომპანიის და ლუდის ინდუსტრიის ხედვა ბაზართან მიმართებაში.“-აღნიშნა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.
მისივე განმარტებით, 2022 წელს HoReCa სექტორის გამოცოცხლების ფონზე, მოთხოვნა განსაკუთრებით გაიზარდა დიდი მოცულობის, 50 ლიტრიან კასრებზე.
„მინდა განვმარტო, რომ აქციზების რაოდენობის კლება ბაზრის შეფასების ინდიკატორი არ არის, ვინაიდან ერთი აქციზური მარკა შეიძლება შეესაბამებოდეს როგორც ერთლიტრიან ქილას, ისე 50 ლიტრიან კასრს. მაგალითად, თუ პანდენმიის პერიოდში მოხოვნა 0.33, 0.5 ან 2 ლიტრიან ქილებზე ფიქსირდებოდა მაღალი მოთხოვნა, დღეს მოთხოვნა გაზრდილია კასრებზე, რომელთა მოცულობაც 50 ლიტრს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს რომ ჰორეკა სექტორისგან არის მომატებული შესყიდვები,“-განმარტა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.