ბიზნესი
13/02/2023

LSG Solutions-ი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი სამშენებლო პროექტების მართვის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კომპანია LSG Solutions-ი გახდა, რომლის  პროფესიონალთა გუნდი LSG Solutions-ის ბრენდის ქვეშ გაერთიანდა და კომპანიამ საქართველოს ბაზარზე ოპერირება 2020 წელს დაიწყო.

LSG Solutions-ი დამკვეთს სთავაზობს მშენებლობის მენეჯმენტის სრულს სერვისს, რაც გულისხმობს როგორც საკონსულტაციო მომსახურებას, ასევე პროექტების პროცესის მართვას. კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია პროექტის განვითარების გეგმის შედგენა, ბიუჯეტის განსაზღვრა და ხარჯების დაგეგმარება, ასევე სატენდერო პროცესის მართვა და პროექტის ვადების, დანახარჯებისა და ხარისხის კონტროლი. კომპანია დამკვეთს ასევე პროექტირების სერვისსაც სთავაზობს არქიტექტურული, კონსტრუქციული და საინჟინრო მიმართულებებით.

აღსანიშნავია, რომ სამშენებლო სფეროში რეგიონში არსებული სტანდარტების ამაღლებისა და ევროპულ ხარისხთან დაახლოების მიზნით, LSG Solutions-ის გუნდი თანამშრომლობს ისეთ ლიდერ კომპანიასთან, როგორიცაა 1908 წელს ნორვეგიაში დაფუძნებული სამშენებლო საკონსულტაციო კომპანია  Multiconsult Group. LSG-ის გუნდი Multiconsult UK-თან თანამშრომლობით უკვე არაერთ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტში იღებს მონაწილეობას.

ასევე აღსანიშნავია, რომ 3 წლის განმავლობაში LSG Solutions-მა პროექტები განახორციელა ისეთი მსხვილი კომპანიებისთვის როგორებიცაა თეგეტა მოტორსი, ბორჯომი, სილქ დეველოპმენტი, მაკდონალდსი, ასკანელი, კინორ ინვესთმენთი, ჯიჯ ენერჯი, სოდი ინვესთმენთი, ნენსკრა და სხვა, რომელთა უმრავლესობა წარმოდგენილია საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში.

„მივესალმებით LSG Solutions და მის პროფესიონალთა გუნდს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებში. მოხარულნი ვართ, რომ ასეთი გამოცდილებისა და მნიშვნელობის მქონე კომპანიები წევრიანდებიან ასოციაციაში, რადგან მშენებლობა და მისი დაგეგმარება და შესაბამისი სტანდარტებით მართვა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ორმხრივად სასარგებლო და პროდუქტიული იქნება“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.