ბიზნესი
27/11/2020

Lost Eden-ის ღვინოები აშშ-ს ბაზარზე ფეხს იკიდებს - ქართულ ბრენდზე New York Times-ი წერს

ქართული ღვინის გლობალური ბრენდის Lost Eden-ის პროდუქცია აშშ-ის ბაზარზე ფეხს იმკვიდრებს, - ბრენდზე ცნობილი გამოცემა The New York Times-ი სტატიას აქვეყნებს. 

„საქართველო ღვინის სამშობლოა და იქ ღვინის წარმოების ტრადიცია 8000 წელს ითვლის. ღვინის გემოების ნაზავში საფერავი დომინირებს, ის მუქი შეფერილობისაა და მიწისეულია, დაჰკრავს ველური კენკრის არომატიც. დაძველელებულია ქართულ ქვევრში, ერთგვარ თიხის ამფორაში, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი,“ - წერს The New York Times-ი.

Lost Eden-ი ამერიკულ ბაზარზე თავდაპირველად ონლაინ გაიყიდება. ის განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით და რელიეფური შეფუთვით გამოირჩევა, რომელზეც ვაზის ორნამენტებია დატანილი და ქართული ღვინის ისტორიულ წარსულს უსვამს ხაზს. ღვინო ქართულ ქვევრშია დაძველებული, რაც აშშ-ის მომხმარებლებისთვის განსაკუთრებულად საინტერესოა. 

უახლოეს მომავალში ღვინო ონლაინ გაყიდვებიდან აშშ-ის დახლებზეც გამოჩნდება და პირველი ხუთი შტატის შემდეგ, Lost Eden-ი ამერიკის მთელ ბაზარზე გავრცელდება, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვა ქართული ღვინის ბრენდების პოპულარიზაციასაც შეუწყობს ხელს. 

ქართული წარმოების ღვინო „საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით შექმნილი კომპანია „გლობალ ბრენდის“ პროდუქტია. ღვინის დასახელებაზე, გემოზე, შეფუთვაზე, მარკეტინგულ აქტივებსა და წარმატებული ბრენდისათვის საჭირო სხვა ატრიბუტიკაზე ქართული კომპანია აშშ-ის წამყვან მარკეტინგულ და კვლევით კომპანიებთან ერთად მუშაობდა. ჩატარდა აშშ-ის ღვინის ბაზრის კვლევა, მიზნობრივი ადგილობრივი მომხმარებლების, ღვინის მსხვილი დისტრიბუტორებისა და გაყიდვის პუნქტების დეტალური შესწავლა.