ბიზნესი
21/05/2021

"ლილო მოლის" მეწარმეთა ვაქცინაციისთვის სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე კაბინეტის მოწყობა იგეგმება

„ლილო მოლის“ მეწარმეთა ვაქცინაციისთვის, შესაძლოა, კაბინეტი სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე მოეწყოს.

„ლილო მოლის“ გენერალური დირექტორი ამბობს, რომ მათ სურვილის შესახებ ბიზნესომბუდსმენის აპარატს უკვე აცნობეს და საკითხი განიხილება.

„ვაქცინაციაზე მოთხოვნა ჩნდება. ნელ-ნელა ეჩვევა ხალხი და ის შიში, რაც თავიდან იყო ვაქინაციასთან დაკავშირებით ქრება. ჩვენ მივმართეთ ბიზნესომბუდსმენს,  რომ პილოტური პროექტი გავაკეთოთ და ადგილზე მოხდეს ვაქცინაცია. იმედი არის, რომ ივნისის მეორე ნახევარში ეს განხორციელდეს. ადგილზე მოეწყოს  კაბინეტი,  სადაც ჩატარდება  ვაქცინაცია. ეს მნიშნველოვანია უსაფრთხო გარემოს შექმნისა და ვაჭრობის გააქტიურებისთვის“, - განაცხადა გიორგი კვარაცხელიამ „ბიზნესპარტნიორთან“.

„ლილო მოლის“ დირექტორმა პანდემიის მიერ მიყენებულ ზარალზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რთული ვითარების მიუხედავად, ცდილობენ პოზიტიურად განეწყონ.

„რა ზარალიც მივიღეთ ჩვენც და მეწარმეებმაც, რაც დრო გავა უფრო მეტად გამოჩნდება და მეტად აისახება ყოველდღიურ ცხოვრებაზე. დაგროვდა ვალები, შეიქმნა რეალიზაციიის პრობლემა, ლარი გაუფასურდა, მოკლედ,  პრობლემები ბევრია. გაურკვეველია კიდევ როდის დასრულდება პანდემია და როდის დავიბრუნებთ ჩვეული ცხოვრების რიტმს. ამდენად, ძალიან რთული პერიოდი გვაქვს გასავლელი. გაძლების რეჟიმში ვმუშაობთ, თუმცა, ვცდილობთ, მეწარმეებიც და  ჩვენც  ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილნი“, - აღნიშნა გიორგი კვარაცხელიამ.