ლილო მოლი: მეტრო იქნება დიდი განტვირთვა და ახალი სიცოცხლის დასაწყისი სავაჭრო ცენტრისთვის
მეტროს ხაზის მშენებლობა „ლილო მოლისთვის“ ახალი სიცოცხლის დასაწყისი იქნება, - „ლილო მოლის“ გენერალურმა დირექტორმა მეტროს პროექტის მნიშვნელობაზე გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“ ისაუბრა.
გიორგი კვარაცხელიამ აღნიშნა, რომ პროექტი გადადებულია, თუმცა მეტროს გაყვანა სჭირდება არა მხოლოდ სავაჭრო ობიექტს, არამედ მთლიან დასახლებას.
„გენერალურ გეგმაზე ჩვენი თხოვნით და მონაწილეობით გათვალისწინებული იყო მეტროს ახალი ხაზის მშენებლობა, სადაც ბოლო სადგური იქნებოდა „ლილო - მოლი“. ეს მნიშვნელოვანი საკითხია არა მხოლოდ „ლილო მოლისთვის“, არამედ აღმოსავლეთ თბილისისთვის. იმ მოსახლეობისთვის ვინც იქ ცხოვრობს და ვინც მოდის "ლილო - მოლში“, - აღნიშნა გიორგი კვარაცხელიამ.
მისი თქმით, მათ სავაჭრო სივრცეში ვიზიტორების 40% მიდის სამარშრუტო ტაქსით, რაც რთულია და მათ მისვლის პრობლემა აქვთ.
„5 საათზე ვიხურებით, იმიტომ რომ შემდეგ ტრანსპორტის პრობლემაა. მნიშვნელოვან დღეებში არც გვყოფნის ტრანსპორტი, უზარმაზარი რიგები დგას სამარშრუტო ტაქსებთან. მეტრო იქნებოდა დიდი განტვირთვა და ახალი სიცოცხლის დასაწყისი ამ სავაჭრო ცენტრის განვითარებისთვის“, - განაცხადა გიორგი კვარაცხელიამ.
კიდევ ერთი გამოწვევა სავაჭრო ობიექტისთვის გენერალური გეგმაზე თანხმობის მიღებაა.
უკვე 1.5 წელია კომპანიამ გენერალური გეგმის დამტკიცება ითხოვა, თუმცა პროცესი პანდემიამ და ბიუროკრატიამ შეაფერხა. ამ გეგმის გარეშე კი, სავაჭრო ცენტრი ვერ ფართოვდება.
შეგახსენებთ, 2018 წლის ბოლოს თბილისის მერიამ ახალი პროექტი წარადგინა, რაც სამგორიდან ლილოს, ასევე აეროპორტის მიმართულებით მიწისზედა მეტროს აშენდებას გულისხმობდა.
მაშინდელი გათვლით, მიწისზედა მეტრო ექსპლუატაციაში ეტაპობრივად, 2020-2022 წლებში უნდა შესულიყო.
2021 წლის მარტში ცნობილი გახდა, დედაქალაქში მიწისზედა მეტროს მოწყობის საკითხი კვლავ განხილვის ეტაპზეა და განხორციელდება თუ არა გადაწყვეტილება მიღებული არ არის.