ბიზნესი
08/09/2020

ლევან ვეფხვაძე: ინვესტიციები მეორე კვარტალში რეინვესტირების ხარჯზე გაიზარდა

2020 წლის მეორე კვარტლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლებს საქართველოს ბიზნესასოციაციაში აფასებენ. ქვეყნის უმსხვილეს ბიზნეს გაერთიანებაში მიაჩნიათ, რომ სტატისტიკა სრულად ასახავს ქვეყანაში არსებულ რეალობას, რომელიც პანდემიის ფონზე კრიზისის სახით არსებობს.

ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ვეფხვაძე „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, რომ გასული კვარტლის მსგავსად მეორე კვარტალშიც, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეინვესტირების ხარჯზეა გაზრდილი.

„პანდემიიდან გამომდინარე, ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესება სიახლე არავისთვის არ უნდა იყოს. ინვესტორები მსოფლიოში გლობალურად გაჩერებულები არიან და ეს ჩვენს სტატისტიკაზეც აისახა. იქ, სადაც სააქციო კაპიტალია, 2020 წლის პირველ და მეორე კვარტლებში მნიშვნელოვანი შემცირებაა. მეორე კვარტალში ინვესტიციების ზრდას რეინვესტირების ხარჯზე ვხედავთ, რაც იმას ნიშნავს, რომ უცხოურ რეზიდენტ კომპანიებს, რომლებიც საქართველოში არიან, თანხას მოგების სახით დივიდენდებად დამფუძნებლებზე არ ანაწილებენ და კომპანიებში ტოვებენ. ეს არის იმის ნიშანი, რაც ქვეყანაში ხდება. ანუ, კომპანიებს ლიკვიდობას უნარჩუნებენ მოსალოდნელი საფრთხეებიდან, ან მიმდინარე ვალდებულებებიდან.

ეს მაჩვენებელი სრულად ადეკვატურია იმის, რაც ქვეყანაში პანდემიის ფონზე კრიზისის სახით გვაქვს. იმედია, უახლოეს მომავალში სააქციო კაპიტალის აქტიურობა გაიზრდება, რადგან ამის გარეშე ახალი სამუშაო ადგილების შექმნა გაგვიჭირდება“,- აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.