ლევან ყარალაშვილი: მზად ვართ "მწვანე ბარათების" დასანერგად ინვესტირებაც მოვახდინოთ
“თბილისი ცენტრალის“ გენერალური დირექტორი ლევან ყარალაშვილი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანი და აუცილებელია „მწვანე ბარათების სისტემის ამოქმედება, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს თურქეთსა და იტალიაში.
მისი ინფორმაციით, ეს არის ჩვეულებრივი აპლიკაცია, რომელიც დიდ ინვესტიციასთან დაკავშირებული არ არის. ბიზნესმენი აცხადებს, რომ აპლიკაციის საშუალებით მარტივადაა გასაგები ვინ არის ვაქცინირებული და ვინ არა, შესაბამისად, ის ვინც არ არის აცრილი, მაგალითად, ვერ ადის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ვერ შედის დახურულ სივრცეში. გამონაკლისია, ყოველ სამ დღეში ერთხელ გაკეთებული კოვიდ ტესტის პასუხი.
„ჩვენ „სავაჭრო ცენტრების ასოციაციის“ ფარგლებში მსგავსი ინიციატივა გაჟღერებული გვქონდა გაზაფხულზე, როდესაც გვქონდა შეხვედრები სხვადასხვა სამინისტორსთან და შეთავაზებული გვქონდა ის სქემა, რომელიც მოქმედებს მაგალითად იტალიაში, თურქეთში. რეალურად, პანდემია არსად მიდის, კოვიდი რჩება და უნდა ვისწავლოთ მასთან ერთად ცხოვრება. ამისთვის აუცილებელია დავიცვათ საკუთარი თავი, ჩვენი მოქალაქეეები და მაქსიმალურად ვცადოთ, წავახალისოთ ვაქცინირება, რათა დროულად დავუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ ტემპს,“ - აცხადებს ყარალაშვილი.
ბიზნესმენის განცხადებით, მაშინ როდესაც სახელმწიფოს ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტის მკურნალობა მინიმუმ 2-3000 ლარი უჯდება, აღნიშნული აპლიკაციის ამოქმედება სულ რაღაც 20 აშშ დოლარი ჯდება.
ყარალაშვილის განცხადებით, უფრო თამამი გადაწყვეტილებებია მისაღები.
“ბიზნესი და სავაჭრო ცენტრების ასოციაცია ემხრობა იმას, რომ „მწვანე ბარათების“ სისტემა შემოღებული იყოს, მეტიც, მზად ვართ ინვესტორების ნაწილშიც მივიღოთ მონაწილეობა. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ემსახურება ჩვენს საერთო ინტერესს, რომ ნორმალური ცხოვრების რითმს დავუბრუნდეთ, აღდგეს ბიზნესი და ხალხი იყოს დასაქმებული. სამწუხაროა და ფაქტია, რომ დღევანდელი ხელისუფლება ვერ ახერხებს ამ პროცესების სათანადოდ მართვას, ამიტომაა კოვიდი ისევ ჩვენს გვერდით, ისევ ეკონომიკური კრიზისი და ზოგადად, ეს ყველაფერი საქართველოს უკან სწევს და ყოველი დაგვიანება ცუდად აისახება ჩვენს ყოველდღიურობაზე“, - აცხადებს ყარალაშვილი.
შეგახსენებთ, ბოლო დღეებია ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უარესდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს საქართველოში კორონავირუსის 6024 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 818 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 49 პაციენტი.
"მწვანე ბარათებზე" მუშაობა კიდევ მიმდინარეობს. მისი ამოქმედება იგეგმება, თუმცა კონკრეტული თარიღი ვერ სახელდება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კონცეფცია უკვე შემუშავებულია.