ბიზნესი
02/02/2021

ლევან ქოქიაშვილი: ვიაზრებთ ჩვენი გადაწყვეტილების ყველა ასპექტს, არც ჩვენთვის არის იოლი

სრულად ვიაზრებთ ჩვენი გადაწყვეტილების ყველა ასპექტს და არც ჩვენთვის გახლავთ ამგვარი გადაწყვეტილების მიღება იოლი, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის ხელმძღვანელი რესტორნების თვითნებურად გახსნის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

ლევან ქოქიაშვილი განმარტავს, რომ სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის მოლოდინი სამწუხაროდ არ გამართლდა.

"გონივრული გამოსავლის პოვნის ნაცვლად ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაც გადაიდო და არ შედგა. რადგან სხვა გამოსავალს, მიუხედავად დაჟინებული მცდელობისა, ვერ ვხედავთ, გადავწყვიტეთ შაბათს, 6 თებერვალს გავხსნათ რესტორნები.

აქვე განვმარტავთ, სრულად ვიაზრებთ ჩვენი გადაწყვეტილების ყველა ასპექტს და არც ჩვენთვის გახლავთ ამგვარი გადაწყვეტილების მიღება იოლი", - წერს ქოქიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ რესტორატორთა ასოციაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შაბათს, 6 თებერვალს რესტორნები მუშაობის განახლებას ნებართვის გარეშე აპირებენ.

“ბიზნესპარტნიორთან” ასოციაციის თავმჯდომარემ შოთა ბურჯანაძემ აღნიშნა: “ვნახოთ, რა იქნება ხვალ. ველოდებით საკოორდინაციო საბჭოს სხდომას”,- თქვა ბურჯანაძემ.