ბიზნესი
21/11/2022

ლევან დავითაშვილი: "ბორჯომი" საერთაშორისო ბაზრებზე კიდევ უნდა გაძლიერდეს

ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილი განცხადებით, სახელმწიფო აქტიურად არის ჩართული "ბორჯომის" როგორც პრობლემების მოგვარების, ისე გრძელვადიანი განვითარების კუთხით. 

"ბორჯომს" ჰქონდა კონკრეტული გამოწვევები, რაც სანქცირებასთან იყო დაკავშირებული. განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, რომელიც შეთანხმებული იყო ძირითად მარეგულირებლებთან და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, კომპანიამ ოპერირების აღდგენა მოახდინა ძირითად ბაზრებზე და დღეს ის სრულად ფუნქციონირებს იმ საექსპორტო ბაზრებზე, სადაც შექმნილი ჰქონდა პრობლემები, თუმცა დღის წესრიგშია ჰოლდინგური კომპანიის გრძელვადიანი რესტრუქტურიზაცია და რეორგანიზაცია. ეს საჭიროა იქიდან გამომდინარე, რომ კომპანიის სტრუქტურა იყოს უფრო ადეკვატური, უფრო მოქნილი და მეტად პასუხობდეს იმ გამოწვევებს, რომელიც დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე შეიქმნა.

მნიშვნელოვანი ცვლილებები მიმდინარეობს მართვაში, თუმცა ოპერატიულ მართვაში ჩვენ არ ვართ ჩართული, მაგრამ მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტილებები სხვა აქციონერებთან ერთად თანხმდება სახელმწიფოსთანაც, ერთადერთი მიზნიდან გამომდინარე, რომ ჩვენ "ბორჯომის" სტრატეგიული ბრენდის ინტერესები მაქსიმალურად დავიცვათ, კიდევ უფრო ძლიერად იყოს "ბორჯომი", როგორც ბრენდი საერთაშორისო ბაზრებზე წარმოდგენილი და მეორე, დასაქმებული მოსახლეობის ინტერესები მაქსიმალურად იყოს დაცული", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.