ლექვინაძე: კონკურენციის უფრო სრულყოფილი, DCFTA-ს შესაბამისი კანონმდებლობა გვაქვს
ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ერთ-ერთი მოთხოვნის შესაბამისად, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, მომზადდა და საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილების პროექტი.
„სააგენტოს ერთ–ერთი მთავარი გამოწვევა იყო უფრო ეფექტური კანონმდებლობა, კონკურენციის შესახებ კანონში ცვლილებებით პრობლემური საკითხები რეგულირდება შემდეგნაირად: კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების განხილვის პროცესში და ბაზრის მონიტორინგის დროს ეკონომიკური აგენტები არ იყვნენ ვალდებულნი სააგენტოსთვის მიეწოდებინათ გამოთხოვილი ინფორმაცია, რაც ბაზრის სრულყოფილად შესწავლის პროცესს მნიშვნელოვნად აფერხებდა - სააგენტოსთვის ინფორმაციის მიწოდება ხდება სავალდებულო.
მოკვლევის ვადის სიმცირე - 10 თვის ნაცვლად - იქნება 18 თვე, გამომდინარე იქიდან, რომ დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების და კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებების შესწავლას ბაზრის ფართომასშტაბიანი ანალიზი და ეკონომიკური კვლევების ჩატარება სჭირდება. სააგენტოს გვერდის ავლით განხორციელებულ კონცენტრაციებზე რეაგირების მექანიზმების რეგულირებასთან დაკავშირებით, საწარმოების კონკურენციის კანონსაწინააღმდეგო გამსხვილების კონტროლისა და ბაზარზე კონკურეტული გარემოს დაცვის მიზნით - წესდება სანქცია კონცენტრაციის წესების დარღვევისათვის, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტებზე.
რაც შეეხება სხვა რეგულირებად სექტორებში კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულების პოლიტიკას - კონკურენციის მარეგულირებელი ნორმები იქნება ყოვლისმომცველი და რეგულირებადი სექტორის სუბიექტების საქმიანობა დაექვემდებარება კონკურენციის სამართლებრივ რეგულირებას, რაც ამ ბაზრებზე გაზრდის კონკურენციას, ეს კი, თავის მხრივ, დადებითად აისახება მომხმარებელზე.
ასევე, მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, იხვეწება ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების მექანიზმები - მიდგომა, რომელიც ინერგება აპრობირებულია ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანაში და მოულოდნელი ადგილზე შემოწმება კარტელების გამოძიების მთავარი ბერკეტია.
წარმოდგენილი ცვლილებები ეფუძნება საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას და განხილულია, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ექსპერტების მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების საფუძველზე. პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც დღეს უწყების წინაშეა და ემსახურება მთელი რიგი პრაქტიკული და სამართლებრივი ხარვეზების აღმოფხვრას, კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების ეფექტიანობის გაუმჯობესებას“, - საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე.
ევროკავშირის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილების პროექტის მიხედვით, იზრდება საქმის მოკვლევის, კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების და სახელმწიფო დახმარების შესახებ განცხადების განხილვის ვადები. მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, იცვლება მართვის სტრუქტურა და სააგენტო ყალიბდება კოლეგიალური მართვის ორგანოდ.
საბჭოს ნორმები ამოქმედდება 2021 წლის 1 ივნისიდან, დანარჩენი ნაწილი კი გამოქვეყნებიდან 45–ე დღეს.
კონკურენციის სააგენტომ 2020 წელს 2 მოკვლევა დაასრულა, სადაც ერთში დაფიქსირდა დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტი, ეკონომიკურ აგენტს დაეკისრა შესაბამისი სანქცია, მეორეში კი დადასტურდა არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი. ამ დროისათვის, მიმდინარეობს 4 მოკვლევის პროცესი. ამავე პერიოდში, კონკურენციის სააგენტომ 5 ბაზრის მონიტორინგი დაასრულა, მიმდინარეა 3. გაიცა ერთი თანხმობა ეკონომიკური აგენტების კონცენტრაციის შესახებ.