ბიზნესი
18/03/2022

ლაშა პაპაშვილი: რუსები აქ ნაყიდ უძრავ ქონებას ზურგზე ვერ მოიკიდებენ და ვერ წაიღებენ

ბიზნესმენი, კომპანია „რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი  რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გააქტიურებულ შემოდინებაში რისკებს ვერ ხედავს.

როგორც პაპაშვილი „ბიზნესპარტნიოთან“ აღნიშნავს, ორივე ქვეყანაში ჰუმანიტარული კატასტროფაა, ეს კი დიდი სტრესია.

„უკრაინაში სისხლისღვრაა, რუსეთში კი ბევრია მთავრობით უკმაყოფილოა. ჩვენ ვართ სტუმართმოყვარე და კეთილგანწყობილი მეზობელი, შესაბამისად, მოქალაქეეებს ამ შემოსვლაში ვერ შევზღუდავთ. გარდა ამისა, მათი შემოსვლა ჩვენთვის ფინანსურად დიდი წარმატებაა,“ - აცხადებს პაპაშვილი.

ბიზნესმენი რისკებს ვერ ხედავს ვერც რუსეთის მოქალაქეების მხრიდან საქართველოში ოფისების გადმოტანასა და უძრავი ქონების შესყიდვაში.

„ზურგზე ვერ მოიკიდებენ და ვერ წაიღებენ. ნახევარი ნიუ-იორკი ჩინელების და იაპონელების ნაყიდია და მანდ რაიმე მიზეზით ვინმემ შეზღუდა უძრავი ქონების შესყიდვა? ასეთი რამე დაუშვებელია. ეს არის ემოცია, ომის ფონზე ეიფორიაა, თუმცა, პოლიტიკოსების და ბიზნესმენების ხედვა უფრო მშვიდი და ბრძნული უნდა იყოს. ჩვენ ეს ყველაფერი უკვე გავიარეთ, არ გვაკლია არც სამოქალაქო  და არც სამამულო ომი, ამდენად, ახლა ჩვენ მშვიდობის და ნეიტრალიტეტის მხარეს უნდა ვიყოთ, “ - აცხადებს პაპაშვილი.

მისი განმარტებით, თუ რუსეთის მოქალაქეეები ოფისებს საქართველოში გადმოიტანენ, ეს ფული ეკონომიკაში აკუმულირდება. როგორც პაპაშვილი აღნიშნავს, აქ შეიძლება იყოს დიდ თანხაზე საუბარი.

„საბედნიეროდ, ჯერჯერობით ეს კატეგორია არ არიან ლტოლვილები, ესენი არიან ყველაზე მაღალანაზღაურებადი თანამშრომლები ან მდიდარი ხალხი. საუბარი მაქვს იმათზე, ვინც სანქციების ქვეშ არ ხვდება, ამას აკონტორლებენ ბანკებიც და ჩვენც. დანარჩენი მოქალაქეები, ვინც ჯანსაღი ნაწილია და ჯანსაღი ფული აქვთ, ვფიქრობ, ჩვენი მხრიდან  მათ შემოსვლაზე შეზღუდვა არაკანონზომიერი და არასწორი იქნება,“ - აცხადებს პაპაშვილი.

შეგახსენეთ, რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად საქართველოში რუსი მოქალაქეები აქტიურად შემოდიან და უძრავ ქონებას ყიდულობენ, გადმოაქვთ ოფისები. რომლის ფარგლებშიც საზოგადოება ითხოვს რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში უძრავი ქონების შეძენასთან დაკავშირებით გამოცხადდეს მორატორიუმი. Manifest.ge-ზე პეტიციას ხელს ამ დროისთვის 2306 მოქალაქე აწერს.

შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, საქართველოში 2022 წელს, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 50%-ით ნაკლები რუსეთის მოქალაქე შემოვიდა.