ბიზნესი
28/10/2022

ლაშა პაპაშვილი: ფერმერმა ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინის მისაღებად ბევრი უნდა იშრომოს

ბიზნესმენი, „ყვარლის მარნის“ დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი მიიჩნევს, რომ ტკბილი ღვინოების იმ ფორმით განვითარება,როგორც დღეს ხდება,  ღვინის სექტორისთვის ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს.

როგორც ბიზნესმენი განმარტავს, მეღვინე-ფერმერმა ძალიან ბევრი უნდა იშრომოს იმისთვის, რომ ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინო მიიღოს. ამისთვის კი სწორ ადგილზე ჰქონდეს,საუკეთესო ვენახი უნდა გააშენოს.

„ქართველი  წითელ ტკბილ ღვინოს ხელოვნურად არასდროს აკეთებდა. მაგალითად, ქინძმარაული, ხვანჭკარა - ეს  უნიკალური ზონებია, რადგან ადგილწარმოშობის ამ ზონებში ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ყურძენი მოდიოდა,ისეთ მაღალ შაქრიანობას აღწევდა, რომ მას ხელოვნური ჩარევა არ სჭირდებოდა.

1960-იან წლებში ვიღაცას მოეწონა ტკბილი ღვინო და მასიური წარმოება დაიწყო,გაყინვა დაიწყეს. მე სწორედ ამის წინააღმდეგი ვარ. მაგალითად, პორტუგალია აკეთებს იგივეს და სახელად ჰქვია „პორტო“. ისინი არ ყინავენ, როდესაც ღვინო დუღილში მიდის, ამის გასაჩერებლად სპირტს ამატებენ. რჩება 18-20 გრადუსიანი,ამ სასმელს „პორტი“ ჰქვია და მას ნახევარი მსოფლიო დაპყრობილი აქვს“-აცხადებს პაპაშვილი.

მისი განმარტებით, მეღვინეობა სამი ნაწილისგან შედგება. უმთავრესია ვენახი, საქმის 70%-ი აქ კეთდება,შემდეგი 20%-მისი გადამუშავებაა,10%-ი შენახვის კომპონენტია. ბიზნესმენის მტკიცებით,ეს სამივე კომპონენტი  სწორად უნდა იქნეს აღქმული და გაკეთებული.

„ჩვენთან არასწორად რწყავენ ვენახებს, მაგალითად, საფრანგეთში, ბორდოში ვენახის მორწყვაზე ადმინისტრაციული სასჯელია, ეს სამართლადარღვევად ითვლება, ამაზე ჯარიმაა. ჩვენთან ამას არავინ არ უყურებს. ვისაც გაუხარდება ადგება და რწყავს. ბორდოს 1 ბოთლი ღვინის ფასი კი 2 000 დოლარზე ნაკლები არ არის.  

ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, ქინძარაული და ხვანჭკარა ბუნებრივად ნახევრად ტკბილი უნდა იყოს და არა ხელოვნურად. ჩვენმა ფერმერებმა ეს იციან, ცოდნა აქვთ, ძალისხმევა  - არა,“-აცხადებს პაპაშვილი.

მისი განმარტებით, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 10-15 წლიანი გეგმა უნდა შეიმუშაოს იმისთვის, თუ როგორც მოისპოს 1960-იან წლებში შემოღებული ხელოვნურად შექმნილი ტკბილი ღვინოები.

„როდესაც შენ ქვეყანაში ასეთი ღვინო გაქვს, მთლიანად ქვეყანა იშლება რუკიდან. ეს ნიშნავს რომ ერი არ მუშაობს. ასეთი ტკბილი ღვინოები ჯანმრთელობისთვის საშიშ ღვინოებად ითვლება,“-აცხადებს პაპაშვილი.

კითხვაზე, აღნიშნული სტრატეგიის შემუშავება ძალიან მძაფრად ხომ არ აისახება ეს ბიზნესზე, პაპაშვილი განმარტავს,რომ ბიზნესი ამას მყისიერად არ იგრძნობს.

„რამდენი რამეა, რაც ბიზნესს არ გვაწყობს და სახელმწიფო მაინც აკეთებს.ბიზნესი არ მოდის ხოლმე, როცა ფაქტის წინაშე დააყენებ, როცა მოუმზადებელია. მეღვინეები, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად  უნდა დავსხდეთ და დავსახოთ გეგმა ისე, რომ არავინ დაზარალდეს. მთავარია სტრატეგია და მისკენ სვლა გქონდეს,“-აცხადებს პაპაშვილი.

ცნობისთვის: ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა აღნიშნული სტრატეგიის აუცილებლობაზე გუშინ გადაცემაში „ბიზნესი რუსთავი 2-ზეც“ ისაუბრა.