ლაშა ხუციშვილი: საბაჟოზე სანქცირებული ტვირთების გადაადგილების მკაცრი კონტროლია
ფინანსთა მინისტრის თქმით, საბაჟოზე სანქცირებული ტვირთების გადაადგილებაზე მკაცრი კონტროლია.
ლაშა ხუციშვილმა საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განმარტა, რომ სანქცირებული საქონლისა და პირების სიების დამტკიცებისთანავე, შემოსავლების სამსახურმა დაიწყო სანქცირებული ტვირთების გადაადგილების მკაცრი კონტროლი ქვეყნის საბაჟო ტერიტორიაზე.
მისი თქმით, საერთაშორისო სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო რისკების მართვის სამმართველოში, შექმნილია შესაბამისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ახორციელებს აღნიშნული სანქციების აღსრულების ცენტრალიზებულ კონტროლს.
„აღნიშნულ პერიოდში შეიქმნა 14 რისკის პროფილი, რომლის საფუძველზეც ოპერატიულად იდენტიფიცირდება და კონტროლდება, როგორც სანქცირებული ფიზიკური პირების, კომპანიების დანიშნულებით მიმავალი, ისე სანქცირებული ფიზიკური პირებიდან და კომპანიებიდან მომავალი აკრძალული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილება, აგრეთვე, ტრანზიტის, ექსპორტისა და რეექსპორტის პროცედურები. ამასთან, საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგზე“ დამატებით განთავსდა საბაჟო კონტროლის განხორციელებისთვის საჭირო შესაბამისი აღჭურვილობა, მათ შორის, რენტგენო-სკანერები. ასევე, გაძლიერდა სხვა გამშვები პუნქტების შესაძლებლობები შესაბამისი კონტროლის განხორციელების მიზნით. სანქციების დაწესების პირველ დღეებიდანვე, საერთაშორისო სანქციების სათანადო ადმინისტრირებისთვის საჭირო ტექნიკური დახმარების თაობაზე ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან განხორციელდა არაერთი კომუნიკაცია“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
მინისტრის განმარტებით, აშშ-ის საელჩოს ექსპორტის კონტროლისა და დაკავშირებული სასაზღვრო უსაფრთხოების პროგრამის, ევროკავშირის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) დახმარებით, ორგანიზებულ იქნა რამდენიმე დისტანციური და ფიზიკური შეხვედრა, საქართველოს ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების, საბანკო სექტორისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ჩართულობით.