ბიზნესი
10/02/2023

"ლას იმპექსი": მეორადი ტანსაცმლის ბაზრის 80% თურქულმა პროდუქციამ დაიკავა

მეორადი ტანსაცმელების იმპორტმა საქართველოში გასულ წელს $34.5 მილიონს გადააჭარბა. ეს მაჩვენებელი 2021 წლის მონაცემებთან შედარებით 35%-ით გაიზარდა. 

კომპანია "ლას იმპექსის" დამფუძნებელმა, სევერიან ჯიშკარიანმა გადაცემაში "ბიზნესი რუსთავი 2"-ზე განაცხადა, რომ ახლა მეორადი ტანსაცმლის ბაზრის 80% ევროპულის ნაცვლად თურქულმა პროდუქციამ დაიკავა.

"ბიზნესს ერთიანობაში მზარდი ტენდენცია აქვს, თუმცა ბოლო 3-4 წელს მაინც უკან დახევად მივიჩნევ. ახლა ძალიან ბევრი ტანსაცმელი შემოდის თურქეთიდან. ადრე ეს უმნიშვნელო იყო, ყურადღებასაც არ ვაქცევდით და ახლა ბაზრის 10-15%-დან დაიკავა ბაზრის 80%. 2020 წელს იყო 60%, 2021-ში 70% და 2022 წელს თითქმის 80% დაიკავა. საუბარია თურქეთიდან შემოსულ მეორადი მოხმარების ტანსაცმელზე. ეს არის დაბალი ხარისხის, ფალსიფიცირებული საქონელი. 

ჩემმა კოლეგებმა სცადეს თურქეთიდან პროდუქციის შემოტანა, თუმცა არ გამოუვიდათ. უკვე გარკვეული ქსელია აწყობილი. არაბების ბაზარს უწოდებენ, თურქებიც არ არიან. ეს აღარაა ევროპული საქონელი",- აღნიშნა ჯიშკარიანმა.