ბიზნესი
24/03/2020

ლარის გაუფასურება სურსათის იმპორტიორებს აშინებს

დისტრიბუტორთა ასოციაცია ლარის გაუფასურების გაგრძელების შემთხვევაში სურსათზე ფასების გარდაუვალ ზრდას პროგნოზირებს. ივა ჭყონიას აზრით, სამთავრობო გუნდის წევრების საუბარი იმაზე, რომ 9 მთავარ პროდუქტს ასუბსიდირებენ, გამოსავალი არ არის.

„ვითარება  მძიმეა. ეს ყველაფერი კრიზისს უკვე გასცდა. ეროვნული ვალუტა ასეთ მდგომარეობაში ბოლო წლებში როდის იყო, არ ვიცი. ეს, რა თქმა უნდა, უმძიმეს მდგომარეობაში აგდებს სადისტრიბუციო კომპანიებს. გასაგებია, რომ მთავრობა 9 დასახელების პროდუქტს ასუბსიდირებს, მაგრამ მის გარდა არსებობს ასობით პროდუქტი, რომელზეც ფასების ზრდა გარდაუვალია. იმ პროდუქტს, რაზეც ფასები მოიმატებს, ადამიანები უბრალოდ, ვერ იყიდიან. მოსახლეობა მხოლოდ პირველადი პროდუქტის შეძენაზე გადავა, ხოლო მეორე და მესამე კატეგორიის პროდუქტი დახლებზე დარჩება. ეს ბიზნეს ოპერატორების შეჩერებას გამოიწვევს“,- განმარტავს „ბიზნესპარტნიორთან“ დისტრიბუტორთა ასოციაციის დამფუძნებელი.

ივა ჭყონია კიდევ ერთ პრობლემაზე საუბრობს, რომელიც შემომტანი კომპანიების ფინანსურ ვალდებულებებს ეხება.

„მილიონობით დოლარსა და ევროზეა საუბარი, რაც ამ კომპანიებს ვალდებულებების სახით აქვთ გასასტუმრებელი. დღევანდელი კურსის პირობებში, ფიზიკურად ვერ შეძლებენ ვალის გასტუმრებას. გაუსტუმრებელი ვალდებულება ნიშნავს იმას, რომ ახალ პროდუქციას ვერ შემოიტანენ. სასწრაფოდ უნდა შეიკრიბოს მთავრობის ეკონომიკური გუნდი. ეს მდგომარეობა მათთვის სიახლე არ უნდა ყოფილიყო, რადგან ლარი პერმანენტულად უფასურდებოდა. ალტერნატიული გეგმა უნდა ჰქონოდა ეროვნულ ბანკსაც. თუ დროულად არ მოხდა ჩარევა, კომპანიები ამას უბრალოდ, ვერ გადაიტანენ“, – აცხადებს ჭყონია.

Businesspartner