ბიზნესი
30/09/2022

ლაქ-საღებავების ბაზარზე ახალი რეგულაციები ინერგება - რას ითვალისწინებს ტექნიკური რეგლამენტი

ლაქ-საღებავებიდან აქროლადი ორგანული ნაერთების გაფრქვევების შემცირებაზე ტექნიკური რეგლამენტი მუშავდება, - რეგლამენტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების შესაბამისად შეიმუშავა.

რეგლამენტის პროექტის განხილვას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ლაქ-საღებავების მწარმოებელი, იმპორტიორი, დისტრიბუტორი და რეალიზატორი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

რეგლამენტის პროექტის განხილვაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს უფროსმა, ნოე მეგრელიშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში ლაქ-საღებავებში აქროლადი ორგანული ნაერთების (აონ) შემცველობა არ რეგულირდება. 

როგორც სამინისტროში განმარტავენ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტექნიკური რეგლამენტის მიღება, რომელიც ქვეყანაში აონ-ების გაფრქვევების შემცირების მიზნით, ითვალისწინებს შეზღუდვების დაწესებას აონ-ების მაღალი შემცველობის მქონე საღებავების, ლაქებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაღებვის პროდუქციისთვის, ასევე დაარეგულირებს შესაბამისი პროდუქტების ეტიკეტირების საკითხებს.

ტექნიკური რეგლამენტის პროექტს, ევროკავშირის მხარდაჭერით, ქართველი და ევროპელი ექსპერტების მიერ ჩაუტარდა რეგულირების ზეგავლენის შეფასება (RIA).  დოკუმენტზე მუშაობის პროცესში, აქტიურად მიმდინარეობდა კონსულტაციები საქართველოში ლაქ-საღებავების მწარმოებელ, იმპორტიორ და დისტრიბუტორ კომპანიებთან.

„საღებავებში, ლაქებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაღებვის პროდუქციაში ორგანული გამხსნელების გამოყენებით გამოწვეული აქროლადი ორგანული ნაერთების (აონ) გაფრქვევების ზღვრული ნორმების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ ამოქმედება მომავალი წლის 1 სექტემბერს იგეგმება.