ქვეყანაში მაკროეკონომიკური პარამეტრები აბსოლუტურად მოშლილია - ირაკლი იაშვილი
„ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი იაშვილი 2021 წელს მთავრობის მიერ აუცილებლად გასატარებელ ღონისძიებებზე „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრობს. მისი განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკამ და ბიზნესმა ადვილად რომ გადალახოს პანდემიის შედეგად მიყენებული ეკონომიკური კრიზისი, წელს მმართველმა ძალამ აქცენტი რამდენიმე მიმართულებით უნდა გააკეთოს.
იაშვილის განმარტებით, დღეს ქვეყანაში მაკროეკონომიკური პარამეტრები აბსოლუტურად მოშლილია. მათ შორის, ლარის კურსი, ინფლაციის მაჩვენებელი. ამიტომ, ერთობლივად, ეროვნულ ბანკთან ერთად ეს პარამეტრები წესრიგშია მოსაყვანი.
„გარდა ამისა, სამწუხაროდ მივიღეთ ასეთი სურათი, რომ გაიზარდა წყლის, დენის და გაზის ტარიფი. გავიდა 3-წლიანი ვადა და ობიექტურად მოუწია გადახედვა. ელექტროენერგია გაძვირდა არაპროპორციულად. მცირედით კერძო მომხმარებლისთვის დ ბიზნესისთვის - დიდი დოზით. საწარმოებს, დაახლოებით 70%-ით გაუძვირდათ დენის გადასახადი, რაც არასამართლიანია.
გამოდის, რომ კომპანიები ასუბსიდირებენ მოსახლეობას. ენერგოსუბსიდირება კი ბიზნესის ფუნქცია არ არის. გასაგებია მიზეზი, მაგრამ როგორც 1990-იან წლებში სოციალური პასუხისმგებლობა ენერგეტიკას აჰკიდეს და არ გვქონდა დენი, არ მივიღოთ ისეთი სურათი. არ დავანგრიოთ ბიზნესი იმისთვის, რომ მოსახლეობას ჰქონდეს იაფი ელექტროენერგია,“ - აცხადებს იაშვილი.
მისი განცხადებით, დავაკვირდეთ პროცესებს და დენის გაძვირება ინფლაციაზე როგორ აისახება დაახლოებით 2 თვეში გამოჩნდება.
„ეს ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა. ამას არ ვიცი როგორ მოაგვარებენ, მაგრამ ფაქტია, რომ ეს საკითხი დასარეგულირებელია. ნაბიჯი გადადგმულია, გადაწყვეტილება მიღებულია და ახლა უკან როგორ დაიხევენ არ ვიცი, მაგრამ მძიმე მდგომარეობაში ჩავარდება საწარმოები,“ - აცხადებს იაშვილი.
როგორც ბიზნესმენი აღნიშნავს, ჩვენი ქვეყნის პრობლემაა ის, რომ არაფერს ვაწარმოებთ და გარედან შემოგვაქვს ყველაფერი, ვინც აწარმოებს იმას დამატებით სერიოზული პრობლემა შეექმნა.
„საერთოდ არსებობს მოკლევადიანი გეგმა, რაც გულისხმობს 1 წელს, საშუალოვადიანი გეგმა 1-დან 3 წლამდე და გრძელვადიანი - 3 წელზე ზემოთ. ვხედავ, რომ მთავრობა ძირითადად, მოკლევადიან გეგმებზეა გადასული, რადგან ვერ გეგმავენ, არ იციან კოვიდ ვითარება როგორი იქნება. ამიტომ, საშუალოვადიან გეგმებსაც კი ვერ სახავენ. ამის გამო სოციალური ინვესტიციებით არიან დაკავებული. ეს არ არის ის ღონისძიებები, რაც ბიზნესისთვის არის საჭირო. დენის სუბსიდირება, ხელფასების გაცემა და ასე შემდეგ გასაგებია, თუმცა ამას ეკონომიკასთან კავშირი არ აქვს,“ - აცხადებს იაშვილი.
რაც შეეხება ბიზნესის ხელშეწყობას, აქ საშუალოვადიან პერიოდში ერადერთი გამოსავალია ის, რომ მთავრობამ მაქსიმალურად შეამციროს ხარჯები და ფული ჩატოვოს ეკონომიკაში.
„გარკვეული პერიოდი გადასახადებიც იქნებ შემცირდეს, რადგან გაზრდილი ხარჯები ნიშნავს ფულის მეტ ამოღებას და ეს ძალიან ცუდი იქნება. ერთადერთი გამოსავალი ეს იქნება,“ - აცხადებს იაშვილი.