ქუთაისში მდებარე ჰუალინგის თიზ-ში ქარხნები დროებით დაიხურა
ქუთაისში მდებარე ჰუალინგის თიზში ქარხნები დროებით დაიხურა. ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის დირექტორის განცხადებით, ადგილზე ამ დროისთვის 12-მდე საწარმოა. მათი აბსოლუტური უმრავლესობას საქმიანობა უკვე შეჩერებული აქვს. ნაწილმა კი სამუშაოები მინიმუმამდე შეამცირა.
„საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, უკვე თითქმის ყველა ქარხანამ მიიღო პროცესის დროებით შეჩერების გადაწყვეტილება. როდის აღადგენენ ისინი მუშაობას უცნობია. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მალე გადაივლის ვირუსის ტალღა. ფაქტიურად, შეიძლება ითქვას, რომ თიზში არსებული საწარმოებიდან ფუნქციონირებას ამ ეტაპზე მხოლოდ სავაჭრო კომპანიები აგრძელებენ.“-განაცხადა სოსო ნიბლაძემ.
მისივე განმარტებით, არსებულ მდგომარეობას ლარის კურსის გაუფასურებაც ართულებს.
„მართალია, ჩვენთან ძირითადად ძირითადად ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიები ოპერირებენ, თუმცა საექსპორტო პროდუქტისთვისაც ძირითადი ნედლეული სხვადასხვა ქვეყნიდან შემოდის. იმპორტთან დაკაშირებით კი პრობლემებია. ასევე საქმეს ართულებს ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურებაც. კომპანიებისთვის გასაღების ბაზრების შენარჩუნებაც გამოწვევად იქცა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე კი, რა თქმა უნდა, საწარმოები დროებით დახურვის გადაწყვეტილებას ერთმანეთს მიყოლებით იღებენ.“- განაცხადა ქუთაისში მდებარე ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის დირექტორმა.