ქუთაისის აეროპორტთან 4-ვარსკვლავიანი სასტუმროს მართვით Mariott-ი და Best Western-ია დაინტერესებული
ქუთაისის აეროპორტთან 4-ვარსკვლავიან სასტუმროში მართვაში შესვლით რამდენიმე საერთაშორისო ბრენდია დაინტერესებული. როგორც GDG ჯგუფის დამფუძნებელი, ბეჟან წაქაძე „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, მათ შორისაა, Mariott-ი და Best Western-ი.
„ბევრი ინტერესდება, რადგან ლოკაცია მიმზიდველია. ვინც უკეთეს პირობებს შემომთავაზებს, იმაზე შევაჩერებ ყურადღებას. თუმცა, იმასაც ვფიქრობ, რომ ბევრი შეიძლება დააფრთხოს Mariott-ის ფასებმა. ამიტომ, მე უპირატესობას Best Western-ს ვანიჭებ, ამ ბრენდს უფრო ბიუჯეტური ფასები აქვს. ვნახოთ რა იქნება, ჯერ გადაწყევტილი არ არის,“ - აცხადებს ბეჟან წაქაძე.
მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის ობიექტის მშენებლობა თითქმის დასრულებულია, მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოებისთვის მზადება. როგორც წაქაძე აცხადებს, სასტუმროს გახსნა 2021 წლის ზაფხულშია დაგეგმილი, თუმცა ყველაფერი ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული.
120 ნომრიანი სასტუმრო 5 სართულიანი იქნება. 12 000 კვ.მ ფართობზე გაშენებულ კომპლექსში სასტუმროს გარდა, რესტორანი, ბარი და კაზინო განთავსდება. წაქაძე არ გამორიცხავს, რომ სასტუმროს დაემატოს სხვადასხვა ინფრასტრუქტურა, მათ შორის აუზი.
ბიზნესმენის ინფორმაციით, პროექტში დაახლოებით 8 მლნ დოლარის ინვესტიცია ხორციელდება.