"კულამ" ტყლაპის წარმოების განახლება 2023 წლამდე გადადო
საკონსერვო კომპანიამ „კულა“ ტყლაპის წარმოების განახლება 2023 წლამდე გადადო. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დამფუძნებელმა ვანო გოგლიძემ განუცხადა, მიზეზი „კულას“ პროდუქციაზე მაღალი მოთხოვნაა, რის გამოც ვეღარ ხერხდება ახალი პროდუქციის წარმოებაზე აქცენტის გაკეთება.
კომპანიამ 2021 წელს 4 სახეობა ტყლაპის წარმოება "რაჭულო ჩირუკას" ბრენდით დაიწყო, მაგრამ კადრების სიმცირის გამო, მალევე შეაჩერა.
ბიზნესმენის ინფორმაციით, გაყიდვების თვალსაზრისით კომპანიას წელს გასულ წელთან შედარებით 35-40%-იანი ზრდა აქვს.
„კულამ“ ჩირის წარმოებისთის გორში 1300 კვ. მეტრის ფართობზე ახალი საწარმო ააშენა. პროექტში 1.3 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა.
კომპანია ნედლეულის 95%-ს ადგილობრივი ფერმერებისაგან და გლეხებისგან იბარებს.
კომპანია 2009 წლიდან არსებობს და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით გამოირჩევა. ამჟამად "კულას" აქვს 5 საწარმო, აქედან, 4 გორში და 1 ახალციხეში მდებარეობს. კომპანიას თავისი პროდუქცია 25 ქვეყანაში გააქვს.