"კუ ბიკი" სათამაშოების სერიულ წარმოებას აახლებს
ფინანსური პრობლემების გამო პანდემიის დროს დახურული სათამაშოების კომპანია ბაზარს გაძლიერებული სერიული წარმოებით უბრუნდება. „კუ ბიკი“ მომდევნო თვიდან 20 სახეობის ხის სათამაშოს წარმოებას განაახლებს. მუშაობის აღდგენისთვის ბრენდი 50 000 ლარამდე ინვესტიციას განახორციელებს.
„შემდეგი ერთი თვის განმავლობაში უკვე უნდა ამუშავდეს საწარმო დავიბრუნოთ ის თანამშრომლები, რომელიც მანამდე გვყავდა. აქტიურად გვინდა დავაბრუნოთ წარმოების მიმართულება. გაყიდვები პრინციპში არ შეგვიჩერებია, ვცდილობდით ის მომხმარებლები შეგვენარჩუნებინა ვინც გვყავდა და ახალი კონტაქტებიც დაგვემყარებინა. სააფთიაქო მიმართულებაა ჩვენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი და მოლაპარაკებები გვაქვს რამდენიმე ქსელთან. ასევე აქტიურად ვმუშაობთ ონლაინ მიმართულებაზე, გავუშვებთ საიტსაც სადაც ყველა ჩვენი პროდუქტი განთავსდება. გაყიდვის არხების დივერსიფიირება, ვფიქრობ, მოგვცემს საშუალებას აქტიურად განვაახლოთ მუშაობა. პირველ ეტაპზე ძირითადად ხის სათამაშოები იქნება, თუმცა მომავალში როგორც ასორტიმენტის ასევე ასაკობრივი ჯგუფის გაფართოივება იგეგმება. დღეს ჩვენი სათამაშოები 3-7 წლის ასაკზეა გათვლილი. უახლოეს პერიოდში 1-3 წლამდე სეგმენტზე მუშაობასაც ვგეგმავთ,“ - ამბობს "ბიზნესპარტნიორთან" „კუბიკის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ბექა კაცაძე.
ადგილობრივი ბაზრის გარდა მუშაობა დაწყებულია საექსპორტო პოტენცილის ათვისებაზეც. პროექტის, GEclose2EU მხარდაჭერით კომპანია ცდილობს ევროპის ბაზარზე მოხვდეს.
„ჩვენ ძირითადად ვიყენებთ ხის მასალას რაც ავტომატურად აიოლებს ევროპის ბაზარზე გასვლას. ლაქ საღებავებიც რომელსაც ვიყენებთ არის სერთიფიცირებული და გვსურს ეს შესაძლებლობა გამოვიყენოთ. ვინაიდან სტანდარტებს ვაკმაყოფილებთ პირველ ეტაპზე ევროპის ონლაინ შემდეგ კი რითეილ ბაზარზე ვგეგმავთ შესვლას,“ - განმარტავს ბექა კაცაძე.
„კუ ბიკი" "სინერჯი კაპიტალის" პორტფოლიოში შედის. სს "სინერჯი კაპიტალი" 2018 წელს "სინერჯი ჯგუფმა" შექმნა. "სინერჯი კაპიტალი" 11 კომპანიაში ქვეფონდების ფორმით ფლობს წილებს 20%-იდან 50%-მდე, სადაც შეჰყავს ინვესტორები და უზრდის კომპანიებს კაპიტალს. თითოეულ ქვეფონდში კომპანია საკუთრებაში იტოვებს მინიმუმ 20%-ს მუდმივად, რითიც კომპანიის განვითარებაზე ზრუნვის მოტივაციას და პასუხისმგებლობას გრძელვადიანად ინარჩუნებს.