KTW მზის ენერგიის გამოყენებას იწყებს - პროექტში ჯგუფი 3 წელში $3-4 მლნ-ს ჩადებს
კომპანია KTW ჯგუფი მზის ენერგიის გამოყენებას იწყებს. მომავალი 3 წლის განმავლობაში კომპანია პროექტში 3-4 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ KTW ჯგუფის დამფუძნებელმა ზურაბ ჩხაიძემ განუცხადა, ამ დროისთვის უკვე განხორციელებულია 0,5 მლნ დოლარის ინვესტიცია, წლის ბოლომდე კი ჯგუფს ამ მიმართულებით 1 მლნ დოლარის ინვესტიცია ექნება განხორციელებული.
მიკროელექტროსადგურის საშუალებით საწარმო გარემოზე მავნე ზემოქმედების გარეშე იღებს ალტერნატიულ, სუფთა ენერგიას და ზრუნავს ეკოლოგიაზე. საუბარია, ერთ ობიეტზე გამომუშავებულ 500 კილოვატ საათზე.
როგორც ჩხაიძე აცხადებს, “გურჯაან აგროში“ და ივრის პირებზე უკვე დასრულდა მზის ენერგიაზე მომუშავე PV მონოკრისტალური პანელების მონტაჟი. პროცესი ამჟამად მიმდინარეობს KTW პატარძეულის ბრენდის ჩამომსხმელ ქარხანაში.
სამომავლოდ KTW ჯგუფი სხვა ობიექტების აღჭურვასაც გეგმავს მზის ენერგიაზე მომუშავე პანელებით და აქტიურად ჩაერთვება ვირტუალური ნეტოაღრიცხვის პროგრამაში. მათ შორის იქნება ნენას ქარხანა.
პროექტი ხორციელდება Helios Energy Georgia-სთან და APM Heating System-თან თანამშრომლობით.