ბიზნესი
11/09/2020

KTW Development-ი მრავალფუნქციური კომპლექსი “ნიკალას“ მშენებლობას დაახლოებით 1 თვეში დაიწყებს

KTW Development-ი ფიროსმანის ქუჩაზე ახალი, მრავალფუნქციური კომპლექსი „ნიკალას“ მშენებლობას სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში დაიწყებს.

„ბიზნესპარტნიორთან“ “კახური ტრადიციული მეღვინეობის“ (KTW) დამფუძნებელი ზურაბ ჩხაიძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტექნიკური საკითხების მოგვარება, რომელსაც გარკვეული დრო სჭირდება. მას შემდეგ, რაც თბილისის მერიისგან გაიცემა ნებართვა ლოკაციაზე არსებული მიწის ნაკვეთების გაერთიანების, კომპანია სამშენებლო ნებართვის მისაღებად ყველა საჭირო დოკუმენტაციას  თბილისის მუნიციპალიტეტს წარუდგენს. ბიზნესმენი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მშენებლობა მხოლოდ სიტყვიერადაა შეთანხმებული.

KTW ჯგუფის შვილობილი კომპანია KTW Development-ი ფიროსმანის ქუჩაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებელობაში 15 მლნ ლარის ინვესტირებას გეგმავს. ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ პროექტი ექსპლუატაციაში დაწყებიდან 15 თვეში შევა.

პროექტის მიხედვით, კომპლექსის პირველი სართული კომერციულ ფართებს დაეთმობა, დანარჩენი კი აპარტ-სახლები იქნება. როგორც KTW-ს დამფუძნებელი განმარტავს, ეს არის პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ფიროსმანის ქუჩის ტურისტული მიმზიდველობის გაზრდას.

"კახური ტრადიციული მეღვინეობა“ ღვინის და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთი-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში. კომპანია 2001 წელს დაფუძნდა, KTW აწარმოებს ღვინოს, ბრენდს, შუშხუნა ღვინოს და ჭაჭას ტრადიციული ქართული ტექნოლოგიებით.

KTW ჯგუფი ღვინის ექსპორტს მსოფლიოს 20–ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს. კომპანიას ვენახები ამჟამად ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში 1020 ჰექტარზე აქვს. წლის ბოლომდე კი დაგეგმილია ფართობის  1700 ჰექტრამდე გაზრდა.  KTW ჯგუფი გარდა ღვინის წარმოებისა, წარმოდგენილია დეველოპმენტის ბაზარზე.

 

Businesspartner