ბიზნესი
18/10/2023

კრისტელ გიბერი: "ჟიურის წევრებმა არა მხოლოდ დააგემოვნეს ღვინოები, არამედ აღმოაჩინეს ქართული მევენახეობის არსი"

IWSC 2024 Wine Judging in Georgia - ღვინის საერთაშორისო კონკურსის გლობალური დაჯილდოების სერია სიმბოლურად „ღვინის სამშობლოდან“ - საქართველოდან დაიწყება. აღსანიშნავია, რომ  წელს, კონკურსი მნიშვნელოვან რეგიონულ ღონისძიებად გადაიქცევა, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოში წარმოებულ ღვინოებთან ერთად კონკურსზე სომხეთის და აზერბაიჯანის ღვინოებსაც შეაფასებენ. 

კონკურსი მეღვინეებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, წარმოაჩინონ თავიანთი ღვინოები ჟიურის წევრების, ინდუსტრიის საერთაშორისოდ აღიარებული, ავტორიტეტული  ექსპერტების წინაშე. მსაჯების გუნდს, რომელიც საქართველოს ესტუმრება,  ჟიურის წევრი, ღვინის აღიარებული მაგისტრი ალისტერ კუპერი უხელმძღვანელებს. ალისტერს შეუერთდებიან საერთაშორისო და ადგილობრივი ჟიური, მათ შორის ღვინის ბაიერები, უფროსი სომელიეები და ღვინის კონსულტანტები.

გთავაზობთ, ინტერვიუს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო კონკურსის (IWSC) აღმასრულებელ დირექტორთან, კრისტელ გიბერთან

  • შარშანდელი კონკურსის შედეგებიდან გამომდინარე, შეგიძლიათ გაგვიზიაროთ თქვენი შეხედულებები როგორ იმოქმედა, ამ ღონისძიებამ კონკურსის მონაწილეებსა და ზოგადად ღვინის ინდუსტრიაზე?

შარშანდელ კონკურსში ჩვენ, როგორც ჟიურიმ, განსაკუთრებული გამოცდილება მივიღეთ. ღონისძიება გასცდა ღვინის ტიპიური კონკურსის საზღვრებს და გადაიქცა ტრანსფორმაციულ მოვლენად, როგორც მონაწილეებისთვის, ასევე მთლიანად ინდუსტრიისთვის. ჩვენმა კოლაბორაციამ ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან შექმნა უნიკალური პლატფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს ქართველ მწარმოებლებს დააგემოვნებინონ ღვინის ექსპერტებსა და საერთაშორისო აუდიტორიას თავიანთი ღვინოები, დაათვალიერებინონ თვალწარმტაცი პეიზაჟები, ისაუბრონ მდიდარ კულტურაზე და გააცნონ ადგილობრივი ხალხი.

კონკურსის ნაწილი იყო შეფასების პროცესი, სადაც ჩვენმა ექსპერტებმა დააგემოვნეს 500-ზე მეტი ღვინო საქართველოდან. ღონისძიების ფარგლებში მაგისტრები ასევე ესტუმრნენ ადგილობრივ მწარმოებლებსა და მათ მარნებს. სწორედ, ასეთი გამორჩეული მიდგომა გასცდა ლონდონის ტრადიციული სადეგუსტაციო ოთახის საზღვრებს და უბადლო გამოცდილებას მოგცა. ღვინის მაგისტრებს საშუალება ჰქონდათ ღრმად ჩასწვდენოდნენ იმას, რაც საქართველოს მართლაც უნიკალურს ხდის - დაწყებული ძირძველი ვაზის ჯიშებიდან,  „ქვევრის“ ტექნიკის გამოყენებითა და ადგილობრივი სამზარეულოთი დამთავრებული.

ის, რაც ამ კონკურსს გამოარჩევდა იყო მისი უნარი, გადაექცია ჩვენი ექსპერტები ქართული ღვინის ნამდვილ ელჩებად. ღვინის მაგისტრებმა არა მხოლოდ დააგემოვნეს ღვინოები, არამედ აღმოაჩინეს ქართული მევენახეობის არსი და ყველა ბოთლში ჩადებული ენთუზიაზმი. ამ ახლად აღმოჩენილი ცოდნით სამშობლოში დაბურნებული ექსპერტებმა,  თავიანთი აღმოჩენები გაუზიარეს ღვინის ფართო ინდუსტრიას. ეფექტი, კი ნამდვილად დიდი იყო - პროფესიონალთა ინტერესი და ცნობისმოყვარეობა ქართული ღვინის მიმართ ერთიორად გაიზარდა.

გასულ წელს ჩვენ ერთად ვიზეიმეთ ქართული ღვინის უნიკალურობა, რომელმაც ხელი შეუწყო საერთაშორისო კავშირების გაღრმავებასა და საქართველოს, როგორც ღვინის რეგიონის, გლობალურად სახელის მოპოვებას. ეს იყო ღვინის, კულტურისა და მეგობრობის ნამდვილი დღესასწაული, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა, როგორც მონაწილეებზე, ასევე ინდუსტრიაზე.

  • გასული წლის კონკურსიდან მიღებული შთაბეჭდილებების საფუძველზე, არის თუ არა ასპექტები, რომელთა გაძლიერებას/შეცვლას ისურვებდით წლევანდელ კონკურსში?

კონკურსის მზადებისთვის ჩაყრილი საფუძველი იმდენად ძლიერი იყო, უფლება გვაქვს ვთქვათ, რომ შარშანდელი გამოცდილებიდან არაფერს შევცვლიდით. IWSC-ის კონკურსი აღმოჩნდა არაჩვეულებრივი დასაწყისი ამ მომხიბლავი ქვეყნის გასაცნობად, მისი მრავალფეროვანი ღვინის კულტურის ღრმა შესწავლისა და გააზრებისთვის.

წელს ჩვენ მოხარული ვართ, რომ ჩამოვიყვანოთ როგორც ახალი, ისე გასულ წელს მონაწილე ექსპერტები. იმ ჟიურთა ენთუზიაზმი, რომლებსაც ჰქონდათ შარშან დასწრების პრივილეგია, მდგომარეობს იმაში, რომ კიდევ უფრო ღრმად ჩასწვდნენ საქართველოს ადგილობრივი ყურძნის ჯიშების სირთულეებს და კავშირები გაამყარონ ინდუსტრიის ახალწვეულებთან.

წლევანდელ ღონისძიებას მიმზიდველს ასევე სომხეთის ჩართვაც ხდის. მათი პოტენციალის გათვალისწინებით დიდი ბრიტანეთსა და გლობალურ ბაზარზე, ჩვენ მტკიცედ გვჯერა სომხური ღვინის წარმატების. როგორც ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო კონკურსი (IWSC), მზად ვართ, გავაძლიეროთ ღვინის განვითარებადი ბაზრები.

ჩვენ უსაზღვროდ მადლობელი ვართ საქართველოს სტუმართმოყვარეობისთვის და ღვინის მდიდარი მემკვიდრეობის მქონე ქვეყნების მხარდაჭერისთვის. მათი გულუხვობა და ერთგულება ერებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისკენ არის დასტური იმ ერთიანობისა და მეგობრობისა, რომელიც ღვინის სამყაროს შეუძლია შთააგონოს.

  • რა მოლოდინები გაქვთ წლევანდელ კონკურსთან დაკავშირებით და როგორ ხედავთ დარგის წინსვლასა და ევოლუციას?

ჩვენი მოლოდინები წლევანდელ კონკურსთან დაკავშირებით სავსეა მღელვარებით. წინა ვიზიტის დროს დამყარებული ძლიერი კავშირების საფუძველზე, ჩვენ მოუთმენლად ველით, კიდევ უფრო ჩავუღრმავდეთ და გამოვიკვლიოთ ქართული ღვინის ინდუსტრიის მდიდარი გობელენი. ქართული ღვინის საზოგადოებასთან შეხვედრის პერსპექტივა ენთუზიაზმით გვავსებს. ეს ურთიერთობა წარმოადგენს ფასდაუდებელ შესაძლებლობებს ჩვენი ცოდნისა და იდეების გასავრცელებლად და გასაცვლელად.

უფრო ფართოდ რომ შევხედოთ, ჩვენი მიზანია წლევანდელ კონკურში მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ ქართული ღვინის წინსვლასა და ევოლუციაში. ჩვენ არ ვაფასებთ მხოლოდ ღვინოებს, არამედ ერთმანეთს ვუზიარებთ კუტურულ ცოდნასა და სიბრძნეს და ვზეიმობთ ღვინის მრავალფეროვნებას ინდუსტრიაში. იმედი გვაქვს, ამ სინერგიის საშუალებით, წლევანდელი კონკურსი წარუშლელ კვალს დატოვებს ღვინის ისტორიაში, შთააგონებს შემდგომ კოლაბორაციებს, ინოვაციების დანერგვასა და ღვინისა ქვეყნების უფრო ღრმა დაფასებას...

 

 

 

Businesspartner