ბიზნესი
25/03/2021

კრისტალი, ჯეპრა და აჭარა ჯგუფი - "ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის" კონკურსის გამარჯვებულები

"ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის" კონკურსის გამარჯვებული ცნობილია. ჯილდო „კრისტალს” „ჯეპრას“ და „აჭარა ჯგუფს“ გადაეცა.

ჯილდო გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გლობალური შეთანხმების ინიციატივას ეფუძნება, კერძოდ, ქალთა უფლებების გაფართოების მეოთხე პრინციპს - ქალების განათლების, სწავლებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას და ხელს უწყობს ქალების განათლებასა და პროფესიულ განვითარებას სამუშაო ადგილებზე. კონკურსის პარტნიორები არიან: ბიზნეს ლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ და გაეროს ქალთა ორგანიზაცია.

ათასწლეულის ფონდმა კონკურსს საფუძველი 2016 წელს ჩაუყარა და ის მიზნად ისახავს გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გლობალური კომპაქტის მიერ ინიცირებული ქალთა გაძლიერების პრინციპების პოპულარიზებას საქართველოში. კონკურსის ფარგლებში გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან საქართველოში მოქმედი კომპანიები, რომლებიც ხელს უწყობენ ქალების განათლებას, პროფესიულ განვითარებას და წინსვლას.

ბოლო ოთხი წლის მანძილზე, კონკურსში 200-მდე კომპანიას აქვს მონაწილეობა მიღებული. გამარჯვებულ კომპანიებს შორის არიან ბანკები, კერძო უნივერსიტეტები, სადაზღვევო და სატელეკომუნიკაციო სექტორში მომუშავე კომპანიები, სასტუმრო და სამშენებლო ინდუსტრიის წარმომადგენლები, ღვინის მწარმოებლები და ტექნოლოგიებისა და ენერგეტიკის სფეროში მომუშავე ორგანიზაციები.

 

Businesspartner