"კორპორაცია ქინძმარაულის" მაღალი კლასის ღვინოებზე, პანდემიის მიუხედავად, დიდი მოთხოვნაა
პანდემიიის პირობებში ღვინის საერთაშორისო ბაზარზე სს „კორპორაცია ქინძმარაულს“ საშუალო სეგმენტის ღვინის გაყიდვები შედარებით შეუმცირდა. როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, განსხვავებული ტენდენციაა მაღალი კლასის ღვინოებზე.
ნუგზარ ქსოვრელის ინფორმაციით, საერთაშორისო ბაზარზე საკმაოდ მოთხოვნადია ქვევრის ღვინო. „დეფიციტურია, რადგან ის დიდი რაოდენობით არ იწარმოება. შესაბამისად, ქვევრის ღვინო გაუყიდავი არ რჩება,“ - აცხადებს ქსოვრელი.
მისი ინფორმაციით, პანდემიიის პირობებში სს „კორპორაცია ქინძმარაულმა“ საექსპორტო გეოგრაფია გააფართოვა, ნუსხას დაემატა ინგლისი და ფინეთი. კომპანიამ ამ ქვეყნებში პროდუქცია უკვე გადატვირთა.
ქსოვრელის ინფორმაციით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები რამდენიმე ახალ პარტნიორთან, თუმცა ეს ახალი ქვეყანა არ არის.
ნუგზარ ქსოვრელის განცხადებით, ყვარელში წარმოებული ღვინის უდიდესი ნაწილი, დაახლოებით 80% საექსპორტოა. მისი ინფორმაციით, ამჟამად „კორპორაცია ქინძმარაულის“ წარმოებული ღვინოები მსოფლიოს 24 ქვეყანაში იყიდება. კომპანიის დირექტორი განმარტავს, რომ „კორპორაცია ქინძარაულის“ წარმოებული ღვინოები იყიდება სამი სასაქონლო ნიშნით: „კონჭო და კომპანი“, „კახეთი კომპანი“ და „დურუჯი ველი“.