კონკურენციის სააგენტომ შპს “ინტელექტ მარკეტის“ საჩივარი დაუშვებლად ცნო
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ შპს “ინტელექტ მარკეტის“ საჩივარი დაუშვებლად ცნო. უწყების ინფორმაციით, საქართველოს კონკურენციის სააგენტოში შპს „ინტელექტ მარკეტმა“ წარმოადგინა საჩივარი 5 ეკონომიკური აგენტის - შპს ,,თბილისის ბიზნეს სახლის“ (3 კომპანია სხვადასხვა საიდენტიფიკაციო ნომრით) შპს ,,GK“-ს და შპს ,,უნივერსალური ბიზნეს სერვისების“ მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის (დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება) სავარაუდო დარღვევის შესახებ.
მომჩივანის პოზიციით, დარღვევა გამოიხატებოდა სხვადასხვა უწყებების მიერ გამოცხადებულ სათარჯიმნო მომსახურების შესყიდვის სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობისას, მოპასუხე კომპანიების მხრიდან არაგონივრულად დაბალი ფასის დაწესებაში, რის შედეგადაც მოპასუხე იგებდა ტენდერებს, თუმცა ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ხდებოდა მისი შეყვანა შავ სიაში, შემდგომ აარსებდა სხვა კომპანიას და განაგრძობდა ტენდერში დაბალი ფასით შესვლას, რაც იწვევდა მისი კონკურენტების განდევნას შესაბამისი ბაზრიდან.
მომჩივანისა და მოპასუხის პოზიციების, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოდან მოწოდებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად სააგენტომ დაადგინა, რომ სახელმწიფო შესყიდვებში სათარჯიმნო მომსახურების მიწოდების ბაზარზე მოპასუხე კომპანიებს ერთობლივად, ბოლო 3 წლის განმავლობაში გააჩნდათ ბევრად ნაკლები საბაზრო წილი, ვიდრე ეს დომინანტური მდგომარეობის ქონისათვის არის განსაზღვრული კანონმდებლობით.
სააგენტოს პოზიციით, როგორც ქართული, ასევე ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად, მომჩივანის მიერ მითითებული ქმედების სამართალდარღვევად მიჩნევისათვის, აუცილებელია პირს გააჩნდეს დომინანტური მდგომარეობა შესაბამის ბაზარზე, ხოლო იმ პირობებში, როდესაც ქმედების განმახორციელებელი სუბიექტი არ ფლობს დომინანტურ მდგომარეობას, სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას, შეაფასოს და შესაბამისი რეაგირება განახორციელოს ამ ქმედებაზე, ვინაიდან იგი სცდება კანონის მე-6 მუხლის მოქმედების ფარგლებს. ამდენად, სააგენტომ საჩივარი დაუშვებლად ცნო და საქმის მოკვლევის დაწყებაზე უარი თქვა.