ქონების ეროვნული სააგენტოს პასუხი “KTW ჯგუფის“ დავაზე
ქონების ეროვნული სააგენტო “KTW ჯგუფს“ პასუხობს. როგორც "ბიზნესპარტნიორი" წერდა, „KTW ჯგუფი“ ხობში, თხილის გადამამუშავებელი ქარხნის პროექტს ეკონომიკის სამინისტროსთან დავის გამო ვერ იწყებს.
სახელმწიფო უწყებაში „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადეს, რომ სახელმწიფო პროგრამა აწარმოე საქართველოში ფარგლებში შპს "KTW ხობს", ხობში, აიეტის დასახლებაში მდებარე 12 416 კვ.მ. მიწის ფართობი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები 2015 წელს, 1 ლარად, პროგრამით დადგენილი შემდეგი საპრივატიზებო პირობებით გადაეცა:
- 26.05.2017 წლამდე უძრავ ქონებაზე თხილის გადამამუშავებელი საწარმოს შექმნა და წარმოების დაწყება;
- 26.05.2017 წლამდე, აღნიშნული ვალდებულების შესრულების მიზნით, არანაკლებ 1 453 600 ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელება;
- წარმოების დაწყებიდან არანაკლებ 2 წლის განმავლობაში წარმოების პროფილის შენარჩუნება და შემოთავაზებული პროდუქციის წლიური მოცულობის, კერძოდ, არანაკლებ 5000 ტონა თხილის გადამუშავება.
თუმცა, სამწუხაროდ კომპანიამ ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, რის გამოც შპს „KTW ხობს“ დაეკისრა პირგასამტეხლო 1 820 109 ლარის ოდენობით, ხოლო უძრავი ქონება დაუბრუნდა სახელმწიფოს. დაკისრებული პირგასამტეხლოს ანაზღაურების მოთხოვნით სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის 15 მაისს მიმართა სასამართლოს,“ - აცხადებენ ქონების ეროვნულ სააგენტოში.
სახელმწიფო უწყებაში დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ, რადგან საქმე სასამართლოშია და ის განხილვის ეტაპზეა.
შეგახსენებთ, KTW ჰოლდინგის დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა ზურაბ ჩხაიძემ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, რომ საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოში განიხილება.
„სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, KTW ჰოლდინგი და ქონების მართვის სამსახური სასამართლო დავაში ვართ. მზად ვართ ხობში ავაშენოთ თხილის გადამამუშავებელი საწარმო, შემოვიტანოთ თანამედროვე ტექნოლოგია, პროექტის დაწყებიდან წელიწადნახევარში მთლიანად დავასრულოთ და დავასაქმოთ დაახლოებით 50-70 ადამიანი. გვქონდა ვალდებულება, რომ 3 წლის განმავლობაში აგვეშენებინა საწარმო. ეს ვალდებულება ვერ შევასრულეთ, ვითხოვდით გადავადებას, თუმცა პასუხი ლოგიკურ ვადაში არ მოსულა. ამის გამო დაგვეკისრა საკმაოდ სოლიდური ჯარიმა, რომელზეც სასამართლოში ვდაობთ. ნაცვლად იმისა, რომ დღეს ჩვენი ადამიანური რესურსი მოვახმაროთ საწარმოს მშენებლობას, ხალხის შემდგომ დასაქმებას, ქართული პროდუქციის შექმნას და მის ექსპორტზე გატანას, საქმე გვაქვს სასამართლოში,“ - აცხადებს ზურაბ ჩხაიძე.