ბიზნესი
05/10/2020

KTW ჯგუფი თხილის ქარხნის მშენებლობას ეკონომიკის სამინისტროსთან დავის გამო ვერ იწყებს

„KTW ჯგუფი“ ხობში, თხილის გადამამუშავებელი ქარხნის პროექტს ეკონომიკის სამინისტროსთან  დავის გამო ვერ იწყებს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ბიზნესმენმა ზურაბ ჩხაიძემ განუცხადა, კომპანიამ საწარმოს მშენებლობაზე ერთგვარი ტაიმ-აუტი 2 წლის წინ აიღო, რადგან მთელი ფინანსური რესურსი თხილის პლანტაციების გაშენებას მოხმარებოდა.

„გვქონდა კონსულტაცია უკვე გამოცდილ თხილის კომპანიების მენეჯერებთან. მათი რეკომენდაცია გავითვალისწინეთ და  ჯერ თხილის მეურნეობა გავაშენეთ, შემდეგი ეტაპი კი საწარმოს მშენებლობა უნდა ყოფილიყო. ამას მოჰყვა ფაროსანას პრობლემა, რამაც ასევე გადაგვივადა პროექტის განხორციელება, რადგან თხილის ფასი იყო დაბალი, თავად პროდუქტი კი - უხარისხო,“ - აცხადებს ზურაბ ჩხაიძე.

ბიზნესმენი განმარტავს, რომ  დღეს  თხილის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი სახელმწიფოსთან დავაა, რომელიც ამ დროისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოში განიხილება.

„სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, kTW ჰოლდინგი და  ქონების მართვის სამსახური  სასამართლო დავაში ვართ. კომპანია აცხადებს მზაობას, ხობში ავაშენოთ თხილის გადამამუშავებელი საწარმო, შემოვიტანოთ თანამედროვე ტექნოლოგია, პროექტის დაწყებიდან წელიწადნახევარში მთლიანად დავასრულოთ და დავასაქმოთ დაახლოებით 50-70 ადამიანი. გვქონდა ვალდებულება,რომ 3 წლის განმავლობაში აგვეშენებინა საწარმო. ეს ვალდებულება ვერ შევასრულეთ, ვითხოვდით გადავადებას, თუმცა პასუხი ლოგიკურ ვადაში არ მოსულა. ამის გამო  დაგვეკისრა საკმაოდ სოლიდური ჯარიმა, რომელზეც სასამართლოში ვდაობთ. ნაცვლად იმისა, რომ დღეს ჩვენი ადამიანური რესურსი მოვახმაროთ საწარმოს მშენებლობას, ხალხის შემდგომ  დასაქმებას, ქართული პროდუქციის შექმნას და მის ექსპორტზე გატანას, საქმე გვაქვს სასამართლოში,“ - აცხადებს ზურაბ ჩხაიძე.

ბიზნესმენი იმედს იტოვებს, რომ ეკონომიკის სამინისტრო იქნება ბიზნესის დამცველი და ყველაფერი ქვეყნის სასარგებლოდ დასრულდება.

„პირადად მინისტრი საქმის კურსშია და ვფიქრობ, ლოგიკურ დასასრულამდე მივალთ, ეს კარგი იქნება როგორც სამინისტროსთვის, ისე kTW ჯგუფისთვის და ქვეყნისთვის. ჩვენ საგარანტიო სრულიად დავფარეთ, საუბარია 250 000 ლარზე. ვფიქრობ, სახელმწიფომ ამით სარგებელი მიიღო, ჯარიმის სახით კი ბიზნესს არ უნდა დააკისროს 1.8 მილიონი ლარი, მაშინ როდესაც პროექტში 1.4 მილიონი ლარის ინვესტიცია ხორციელდება. ეს ციფრები ალოგიკურია. თუ სახელწმიფოს ექნება კეთილი ნება, პროექტს განვაგრძობთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ქონებას დავუბრუნებთ და მათი საკუთრებაა, ფასეულობა მათ ხელშია,“ - აცხადებს ზურაბ ჩხაიძე.

კომპანიამ “KTW აგრო ხობი“ 180 ჰექტრ ფართობზე  უკვე დაასრულა 100 000 ძირი თხილის პლანტაციების გაშენება. 

„წელს უკვე გვქონდა თხილის ნიშანი, მივიღეთ საკმაოდ ჯანმრთელი ნაყოფი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, ახლა ვასრულებთ სარწყავი სისტემების  კომპანია „ნეტაფიმთან“  პროექტს, რომლის შედეგადაც ჩვენ გვექნება ნიადაგის  ტენიანობის ავტომატური მზომი სისტემა, რომელიც თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას როდის მოირწყას კონკრეტული მიწის ნაკვეთი. პლანტაციებში დასაქმებულია  40-60 ადამიანი. მომავალ წელს ჩვენ ვგეგმვათ თხილის რთველის ჩატარებას,“ - აცხადებს ზურაბ ჩხაიძე.

როგორც ჩხაიძე განმარტავს, თხილის პლანტაციების პროექტში ამ დრომდე 3.5 მილიონი ლარის ინვესტიციაა განხორციელებული.

თხილის ნაწილი ადგილობრივ ბაზარზე დარჩება, ნაწილი კი ევროკავშირის ქვეყნებში გავა.