ბიზნესი
15/02/2021

კომპრომისის ძიებაში - რესტორატორები ეკონომიკის სამინისტროსთან მორიგ შეხვედრას მართავენ

რესტორატორები ეკონომიკის გახსნის კონკრეტული გეგმის წარდგენის მოთხოვნით ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებთან დღეს მორიგ შეხვედრას გამართავენ.

მხარეები ყველა იმ პრობლემურ საკითხზე იმსჯელებენ, რომელიც დღეს სექტორის წინაშეა. საუბარი შეეხება როგორც რესტორნების შიდა სივრცეების გახსნის დაჩქარებას ასევე კომენდანტის საათის მოხსნის ან გადაწევის საკითხს. შეხვედრა სამუშაო ფორმატის იქნება.

საბოლოო გადაწყვეტილება კი წავა თუ არა მთავრობა კომპრომისზე სავარაუდოდ ოთხშაბათს გახდება ცნობილი. ოთხშაბათს სექტორს ეკონომიკურ გუნდთან ფართო მასშტაბიანი მსჯელობა აქვს ჩანიშნული.

“ბოლო რამდენიმე შეხვედრა სამუშაო ხასიათის იყო. დღესაც მსგავსი შეხვედრა გვექნება. ჩვენ ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს და შრომის ინსპექციის წარმომადგენლებს ყველა იმ ინფორმაციას ვაწვდით რაც გვაწუხებს და ვთავაზობთ კონკრეტული პრობლემის გადაჭრის გზებს. დღეს სავარაუდოდ რაიმე გადაწყვეტილების მიღებას არ ექნება ადგილი. ოთხშაბათს უკვე ვხვდებით გადაწყვეტილების მიმღებ პირებს და ყველა ამ წინა კომუნიკაციის შეჯერებით ვფიქრობ რაიმე საერთო გადაწყვეტილებამდე მივალთ,”- აცხადებს რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტი შოთა ბურჯანაძე.

Businesspartner