ბიზნესი
28/07/2021

კომპანიებს ერთდროულად ვირტუალური ზონის და საერთაშორისო კომპანიის სტატუსი ვეღარ ექნებათ

კომპანიებს ერთდროულად ვირტუალური ზონის პირის და საერთაშორისო კომპანიის სტატუსი ვეღარ ექნებათ - საკანონმდებლო  ცვლილება უკვე ძალაშია.

თუ საერთაშორისო კომპანიის სტატუსი მიენიჭა ვირტუალური ზონის პირს, ასეთ შემთხვევაში, უქმდება ვირტუალური ზონის პირის სტატუსი და პირიქით, თუ ვირტუალური ზონის პირის სტატუსი მიენიჭა საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირს, მას უუქმდება საერთაშორისო კომპანიის სტატუსი, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ვირტუალური ზონის პირის სტატუსი 2010 წლის დეკემბრიდან ამოქმედდა,  რაც გულისხმობს კომპანიისთვის,  რომელიც ახორციელებს საინფორმაციო ტექნოლოგიურ საქმიანობას, ვირტუალური ზონის სტატუსის მინიჭებას. ამ კანონის მთავარი მიზანი  ინვესტიციების მოზიდვა და მიმზიდველი გარემოს შექმნა იმ პირებისათვის, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას განახორციელებენ საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში.

კერძოდ,  ვირტუალური ზონის იურიდიული პირის მიერ შექმნილი საინფორმაციო ტექნოლოგიების საქართველოს ფარგლების გარეთ მიწოდებით მიღებული მოგება (მოგების განაწილება) მოგების გადასახადისაგან თავისუფლდება და რიგ შემთხვევებში იბეგრება დივიდენდის საშემოსავლოს 5%-ით.

მაისში ცნობილი გახდა, რომ შემოსავლების სამსახური დაუკავშირდა კომპანიების ნაწილს, აღნიშნული სტატუსის მქონე საწარმოებს, რომელთა დამფუძნებლები ძირითადად არიან უცხოელები, იმ მოტივით, რომ ისინი საქართველოში უნდა ფლობდნენ რეალურ  კომპანიას აქედან ყიდდნენ პროდუქტს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოგების 15%-იანი შეღავათით ვერ ისარგებლებენ.

შემოსავლების სამსახურში  განმარტეს, რომ  ინფორმაციის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა ტენდენცია, რომ პირების უდიდეს ნაწილს საქართველოში არ გააჩნია კაპიტალი, არ ყავს შესაბამისი პროფილით დასაქმებული თანამშრომლები. შესაბამისი სტატუსის მინიჭება ატარებს ფორმალურ ხასიათს და ადგილი არ აქვს საქართველოს ტერიტორიაზე საინფორმაციო ტექნოლოგიების შექმნას. სწორედ ამიტომ მოხდებოდა ვირტუალური ზონის პირის სტატუსისა და მოგების გადასახადით დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმის გაუქმება.

 

Businesspartner