ბიზნესი
02/11/2022

"კომპანია, რომელიც ტენდერის მოგებისთვის დაბალ ფასს დებს, დასაქმებულს ვერ გადაამზადებს"

კომპანია “კავკასუს როუდ პროჯექტის” ხელმძღვანელი პაატა ტრაპაიძე  თბილისის მერ კახა კალაძეს ეთანხმება იმაში, რომ ქვეყანაში სამშენებლო კულტურა განვითარებული  ნამდვილად არ არის, ამის მიზეზი კი  თანხების სიმცირეა. 

„დღეს ტენდერებში იმდენად დაბალი ფასები იდება, რომ შემდეგ ვერცერთი კომპანია  ვერ სუნთქავს.დაბალი ფასები ხელფასებზე მოქმედებს. როდესაც დასაქმებულს დაბალი ხელფასი აქვს, ის განვითარებაზე ვერ იფიქრებს.

ვერც კომპანია იფიქრებს და ვერც შეძლებს დასაქმებულის გადამზადებას, ამას შესაბამისი ბიუჯეტი სჭირდება, რომელიც შემოსავლიდან მოდის. კომპანია, რომელიც ტენდერის მოგებისთვის ფასს დაბლა სწევს, მას საკმარისი შემოსავალი არ აქვს, შესაბამისად, საიდან დარჩება ბიუჯეტი თანამშრომლის განვითარებისთვის? გლობალური და კომპლექსური საკითხია,“-აცხადებს ტრაპაიძე.

“კავკასუს როუდ პროჯექტის” ხელმძღვანელი განმარტავს, რომ საკითხის მოსაგვარებლად სისტემური მიდგომაა საჭირო.

„კარგი იქნებოდა მერიას მშენებლებთან შეხვედრა მოეწყო, გულახდილად ესაუბრა იმაზე, თუ რა პრობლემები აქვს დარგს. ჩვენ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა შესყიდვების შესახებ კანონია. ელექტრონული ტენდერები კარგია, კორუფცია ტენდერების დონეზე შემცირებულია, მაგრამ მისი შესრულებისთვის სხვა მიდგომებია საჭირო, ამას კი კომპლექსური გადაწყვეტა სჭირდება,“-აცხადებს ტრაპაიძე.

შეგახსენებთ, დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ  დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე  მეტრო „გოცირიძის“ გაჭიანურებული რეაბილიტაციისთვის კომპანია „მამისონი“ გააკრიტიკა. იქვე განაცხადა, რომ  ქვეყანაში სამშენებლო კულტურა განვითარებული არ არის. 

„ძალიან ცუდია, რომ სამშენებლო მიმართულებით არანაირი კულტურა არ არსებობს. ალბათ გარკვეული დრო დასჭირდება, რომ ცვლილებები განხორციელდეს. ერთეული კომპანიების გარდა, არავინ ზრუნავს საკუთარი კომპანიის განვითარებაზე, თანამშრომლების გადამზადებაზე, კვალიფიკაციის ამაღლებაზე. იმედი მაქვს, ეს პრობლემა მოგვარდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

Businesspartner