ბიზნესი
06/10/2020

კომპანია "ფერი" BAG-ის წევრი გახდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრთა რიგებს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი სამშენებლო კომპანია „ფერი“ შემოუერთდა.

აღსანიშნავია, რომ კომპანია „ფერი“ 1991 წელს დაარსდა და ამ წლების განმავლობაში სამშენებლო სექტორში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს განხორციელებული. როგორც ცნობილია, „ფერის“ ძირითად საქმიანობას წარმოადგენს რთულ რელიეფურ პირობებში ჰიდროელექტროსადგურების, ელექტროგადამცემი ხაზების, მილსადენების, გზების, ხიდების, გვირაბების, სხვადასხვა კონსტრუქციების, შენობა-ნაგებობების, საბაგიროების და სხვა ობიექტების მშენებლობა.

აღსანიშნავია, რომ 2007 წლიდან მოყოლებული კომპანიაში დაინერგა და დღემდე ეფექტიანად ფუნქციონირებს ხარისხის მართვის სისტემა ISO 9001:2015, რომელიც „ფერმა“ ყველა ტიპის ინდუსტრიული და სამოქალაქო შენობებისთვის საინჟინრო და საოპერატორო სერვისების წარმატებით განხორციელებაში მიიღო. კომპანიაში ასევე წარმატებულად ხორციელდება პროფესიული ჯანდაცვისა და უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემა, რომელიც OHSAS 18001:2007 ყველა მოთხოვნას ზედმიწევნით ასრულებს. ასევე საგულისხმოა, რომ კომპანიაში დანერგილია გარემოს მართვის სისტემა, რომელიც ISO 14001:2004-ის ყველა მოთხოვნას პასუხობს.

„მოხარულები ვართ, რომ სამშენებლო კომპანია „ფერი“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებს შემოუერთდა. უნდა აღინიშნოს, რომ „ფერი“ წარმატებით ახორციელებს მშენებლობის ყველა ეტაპს და არის ძალზედ საიმედო პარტნიორი. ასევე საგულისხმოა, რომ კომპანია გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით და კვალიფიციური გუნდით, რომელთა გამოცდილება ამ სფეროში 27 წელს ითვლის. ბიზნეს ასოციაცია მიესალმება ახალ წევრებს, რადგან გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ფონზე, ბიზნეს სექტორს კიდევ უფრო მეტი თანადგომა სჭირდება და ჩვენ მზად ვართ წარმოვადგინოთ და დავიცვათ ჩვენი წევრების ინტერესები“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.