კლიენტი არც 22:00 საათამდე გვყავს - რესტორან "ჯარგვალს“ შემოსავალი 60%-ით შეუმცირდა
პანდემიის პირობებში რესტორან „ჯარგვალს“ შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 60%-ით შეუმცირდა.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ „ჯარგვალის“ ხელმძღვანელმა ნუნუ ბარბაქაძემ განუცხადა, რიკოთზე მდებარე რესტორანს თუ ადრე საკმაოდ დატვირთული მუშაობა ჰქონდა, პანდემიამ სურათი რადიკალურად შეცვალა.
„ყველა თავს იკავებს შემოსვლისგან. მთავრობის გადაწყვეტილება,რომელიც რესტორნების 22:00 საათის შემდეგ მუშაობას ზღუდავს, არაფერ შუაშია. 22:00 საათამდეც კლიენტი ნაკლებად შემოდის. მიზეზი პანდემიაა ალბათ. ასე ვაგრძელებთ მუშაობას და არც გაჩერებას ვგეგმავ. იმედი მაქვს, მალე შეიცვლება სიტუაცია დადებითისკენ,“ - აცხადებს ბარბაქაძე.
მისივე განცხადებით, რესტორანი „ჯარგვალი“ თავს ძლივს ინახავს, მით უმეტეს, რომ შექმნილ სიტუაციას ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურებაც ემატება.
შეგახსენებთ, დღეიდან საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რესტორების ფუნქციონირება 22:00 საათის შემდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით იკრძალება. ვიცე-პრემიერის განმარტებით განმარტებით, შეზღუდვების დაწესება რესტორნებში გამართულ ღონიძიებებსა და წვეულებებში ინფიცირების ბევრ შემთხვევას უკავშირდება.
მაია ცქიტიშვილმა მოსახლეობას შეახსენა, რომ ქვეყანაში შეზღუდულია იმ სოციალური ღონისძიებების ჩატარება, როგორიც არის ქორწილები, ქელეხები, დაბადების დღეები, ნათლობები და სხვა მსგავსი სოციალური სუფრები.