ბიზნესი
14/02/2023

ხვალიდან რეფერენტული ფასები ძალაში შედის – ფარმაცევტული სექტორი სამინისტროს პასუხს ელოდება

ხვალიდან,15 თებერვლიდან, მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების რეფორმა ძალაში შედის, რაც იმას ნიშნავს, რომ ფარმაცევტულ კომპანიებს წამლების ზღვრულ ფასებზე ძვირად გაყიდვის უფლება არ ექნებათ. თუმცა, რეალურად, რამდენ მედიკამენტზე გავრცელდება ხვალიდან ეს რეგულაცია, ჯერჯერობით უცნობია.

საქმე ისაა, რომ რეფერენტული ფასების კატალოგი 14 იანვარს გამოქვეყნდა, ფარმაცევტულ სექტორს კი 31 იანვრის ჩათვლით ჰქონდა ვადა, სამინისტროსთვის მიეწოდებინა დასაბუთებული განაცხადი, თუ რომელი წამლის ფასის შეცვლაა აუცილებელი.

სამინისტროს მათი განაცხადები უნდა შეესწავლა და თუკი ისინი არგუმენტირებული იქნებოდა, ფასების გადახედვა დადგენილი პრინციპებით მოხდებოდა. გადაწყვეტილება – გაითვალისწინებს თუ არა სამინისტრო მათ არგუმენტებს და დააკორექტირებს თუ არა რეფერენტულ ფასს – 15 თებერვლამდე უნდა იქნას მიღებული, რადგან სწორედ ამ დღიდან შედის ძალაში რეგულაცია.

თუმცა, რამდენ მედიკამენტზე შევიდა განაცხადი უწყებაში, რამდენი მოთხოვნა დაკმაყოფილდა და რამდენი – არა, ჯერჯერობით უცნობია. ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს არც ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაცია. მისი ხელმძღვანელი ირაკლი მარგველაშვილი jandacva.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ კომპანიებმა რეფერენტულ ფასებს დაქვემდებარებული მედიკამენტების დაახლოებით 30%-ზე შეიტანეს განაცხადი, თუმცა როგორი იქნება ჯანდაცვის სამინისტროში მოქმედი სპეციალური კომისიის გადაწყვეტილება – მისთვის უცნობია.

„ჯანდაცვის სამინიტროსთან ამ საკითხზე კომუნიკაცია ბოლოს 10-12 დღის წინ გვქონდა. როგორც ფარმაცევტულ კომპანიებს სამინისტროდან აცნობეს, კომისია ამ კვირაში უნდა შეიკრიბოს. თუმცა შეგახსენებთ, რომ სანქციები 15 მარტამდე არ ამოქმედდება. ამიტომ როგორ განვითარდება მოვლენები, უცნობია. მთავარი კითხვაა – თუკი სამინისტრო უარს ეტყვის კომპანიას კონკრეტული მედიკამენტის ფასის შეცვლაზე, კომპანია კი ამას არ ეთანხმება, რა ხდება შემდეგ?  ან თუ კომპანიის მიერ წარდგენილი კომენტარები მეთოდოლოგიურად არაა გამართული დაზუსტებას მოითხოვს. ბევრი ტექნიკური დეტალია, რომელზეც ბიზნესი პასუხს ელოდება. ასევე გადასაწყვეტია უკვე არსებული მარაგების საკითხი, რომლის რეალიზაციაც ბიზნესს გარკვეულ თანხად აქვს დაგეგმილი. ხომ ვერ ვაიძულებთ კერძო ბიზნესს, მედიკამენტები თვითღირებულებით გაყიდოს? ახლა მთავარია, რამდენად ადეკვატური და დროული იქნება რეაგირება ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან,“- განაცხადა მარგველაშვილმა.

მისი თქმით, ფარმაცევტული ბიზნესი ჯანდაცვის სამინისტროს პოზიციას უახლოეს პერიოდში ელოდება.

შეგახსენებთ, რომ რეფერენტული ფასების სისტემას დაქვემდებარებული მედიკამენტების კატალოგი, ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო 1330 წამალს მოიცავს. ირაკლი მარგველაშვილი განმარტავს, რომ გამოქვეყნებული სია მოიცავს საქართველოს ბაზარზე დარეგისტრირებულ წამლებს, რეალურად მიმოქცევაში კი ამ წამლებიდან დაახლოებით 700 მედიკამენტია.

jandacva.ge