ხულო-ზარზმის გზის 42 კმ-იანი მონაკვეთის რეკონსტრუქციის ტენდერში Powerchina/Sinohydro-მ გაიმარჯვა
კომპანიამ Powerchina/Sinohydro (ფაუერჩაინა/სინოჰიდრო) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გაიმარჯვა. შედეგად, კომპანია სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის 42 კილომეტრიანი მონაკვეთის სარეკონსტრუქციო სამუშაოს შეასრულებს. ამ ეტაპზე კომპანიასა და სამინისტროს შორის ხელშეკრულების გაფორმების პროცედურები მიმდინარეობს.
ხულო-ზარზმის განახლებული გზა რეგიონისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მონაკვეთია, რომელიც სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონებს დააკავშირებს. განახლებული გზით, ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება.
ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის პროექტი 3 მონაკვეთადაა დაყოფილი. ჯამში, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 47 კილომეტრიან გზას და 7 ხიდს. აქედან, კომპანია Powerchina/Sinohydro ხულო-ზარზმის 42 კმ-იან მონაკვეთის სარეკონსტრუქციო სამუშაოს შეასრულებს და 2 ზოლიან ასფალტ-ბეტონის საფარს დააგებს. პროექტს არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდი (KFAED) 95 მილიონი ლარით აფინანსებს.
კომპანიამ Powerchina/Sinohydro (ფაუერჩაინა/სინოჰიდრო) ტენდერში მონაწილეობისას წარადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია და საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ის კვალიფიკაციის გათვალისწინებით შეარჩია. კომპანიაში აცხადებენ, რომ მზად არიან, აიღონ პასუხისმგებლობა მსგავსი სირთულის პროექტის ხარისხიანად შესრულებაზე.
„ვაცნობიერებთ, რომ ეს არის რთული და საპასუხისმგებლო პროექტი. შემიძლია, დარწმუნებით განვაცხადო, რომ კომპანიას აქვს ამ სფეროში მუშაობის სერიოზული გამოცდილება და მატერიალურ-ტექნოლოგიური თვალსაზრისით, მზად არის, დათქმულ ვადებში, შესაბამისი სტადნარტებისა და ხარისხის დაცვით, დაასრულოს საქართველოსთვის ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი,“ - აცხადებს კომპანიის იურიდიული მრჩეველი გიგა კვერენჩხილაძე.
Powerchina (ფაუერჩაინა) და მისი შვილობილი კომპანია Sinohydro (სინოჰიდრო) ერთ-ერთი უმსხვილესი სამშენებლო კომპანიაა ჩინეთში, რომელსაც ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. 2009 წლიდან მოყოლებული, საერთაშორისო დონორების დაფინანსებით, „სინოჰიდრომ“ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა საქართველოშიც, მათ შორის იყო რიკოთის გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, 2010 წელს; ქობულეთის შემოვლითი გზის ლოტი 1 აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით, 2011-2013 წლებში; ქობულეთის შემოვლითი გზის ლოტი 2 აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით, 2013-2018 წლებში; თბილისი-რუსთავის მაგისტრალი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით, 2014-2016 წლებში და სამტრედია-გრიგოლეთის გზის ჯაპანა-ლანჩხუთის მონაკვეთი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა. კომპანიამ ყველა აღნიშნული პროექტი შესაბამისი სტანდარტების დაცვით, დათქმულ დროში დაასრულა. „სინოჰიდრო“ ამ ეტაპზე მუშაობს ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის ლოტ 1-სა და ლოტ 2-ზე, რომელსაც მსოფლიო ბანკი აფინანსებს. კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პროექტი გაწერილ დროში დასრულდება.
Powerchina (ფაუერჩაინა) იკავებს 161-ე ადგილს Fortune Global 500-ის რეიტინგში და 42-ე ადგილს ჩინეთის ტოპ 500 მეწარმეს შორის. გარდა ამისა, 2019 წელს კომპანია 250 გლობალური კონტრაქტორის რეიტინგშიც მოხვდა და მეხუთე ადგილი დაიკავა. ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს ცენტრალური საწარმოების, სახელმწიფო ქონების ზედამხედველობისა და ადმინისტრაციის კომისიის მიერ Powerchina ექვსი წლის განმავლობაში სახელდებოდა ა კლასის მეწარმედ. კომპანიას აქვს დიდი გამოცდილება საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტსა და ტექნოლოგიებში, ფლობს ბევრ ცნობილ ბრენდს როგორც ჩინეთში, ისე - მის ფარგლებს გარეთ.