კავკასიის ავტოიმპორტი: მეორადი ავტომობილები, შესაძლოა, ისევ გაძვირდეს
ავტოიმპორტიორები მეორადი ავტომობილების ბაზარზე ფასების მატებას ისევ ელიან.
"კავკასიის ავტოიმპორტის“ დირექტორი გიორგი სურგულაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ მეორადი ავტომობილები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 20-30%-ითაა გაძვირებული. მისი პროგნოზით, სამომავლოდ ეს ტენდენცია გაგრძელდება.
„გარკვეულ ნიშნულზე დასტაბილურდება, ასე უსასრულოდ ფასი ვერ გაიზრდება, თუმცა, კლების ტენდენციას ჯერ არ ვვარაუდობთ,“ - აღნიშნავს სურგულაძე.
მისივე ინფორმაციით, ფასების ზრდა მეორად ავტომობილებზე აშშ-დან მაღალმა მოთხოვნამ განაპირობა. „იმპორტის თვალსაზრისით უფრო ბიუჯეტური ავტომანქანებია მოთხოვნადი, რეესპორტის მიმართულებით პოპულარულია როგორც ბიუჯეტური, ისე მაღალფასიანი,“ - აცხადებს სურგულაძე.
მისივე განცხადებით, კომპანიაში რეექსპორტის წილი 60%-მდეა გაზრდილი. „კავკასიის ავტოიმპორტი“ საქართველოს გავლით ავტომანქანების მიწოდებას ახდენს ტაჯიკეთში, უზბეკეთში, ყირგიზეთში, ყაზახეთში, მოლდოვასა და რუსეთში.
უკრაინას მთლიან რეექსორტში დაახლოებით 20% ეჭირა, ომის გამო ეს ბაზარი თითქმის დაიკეტა, ახლა ეს წილი შუა აზიის ქვეყნებმა დაიკავა და დღეს რეესპორტში უკრაინის წილი მხოლოდ 3-4%-ს შეადგენს.